Thumbnail

‘სისხლდენა დამეწყო და კინაღამ მოვკვდი’ – როგორ გადაარჩინეს არველაძე დუბლინში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მადლობა ღმერთს, თბილისში არ გავემგზავრე, არავინ იცის თვითმფრინავში რა მოხდებოდა'
  • საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ირლანდიასთან მატჩის მერე მომხდარი ამბავი გაიხსენა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ირლანდიასთან 16 წლის წინანდელი მატჩი გაიხსენა, რომლის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა დაპირისპირება 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. 2003 წლის 11 ივნისს გამართულ შეხვედრაში შოთამ შეუცვლელად ითამაშა და სხვათა შორის, ეს, ის თამაშია, რომლის წინაც ალექსანდრე იაშვილიც მოიწამლა და მინდორზე გასვლა ვერ მოახერხა. არველაძემ აღნიშნულ პერიპეტიებზე Matchtv-სთან ისაუბრა.

შოთა არველაძე და ქოლინ ჰილი Lansdowne Road-ზე გამართულ მატჩში

“მატჩი 0:2 წავაგეთ და იმ თამაშის მერე კინაღამ მოვკვდი. ძალიან ბევრი “ვოლტარენი” მივიღე. თავბრუ მეხვეოდა, გული გიჟურად მიცემდა. მეგონა, რომ იაშვილის მსგავსად მატჩის წინ მოვიწამლე, ამდენად, უბრალოდ ბევრ წყალს ვსვამდი, თუმცა, სულ უფრო ცუდად ვხდებოდი და შიდა სისხლდენა დამეწყო. უკვე სისხლთან ერთად ვაღებინებდი. მაშინ ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იყო და მან მითხრა, რომ სასწრაფოდ დუბლინის საავადმყოფოში წასვლა იყო საჭირო, სადაც საბოლოოდ, მთელი 4 დღე გავატარე. მადლობა ღმერთს, იმ დღეს გუნდთან ერთად თბილისში არ გავემგზავრე, არავინ იცის თვითმფრინავში რა მოხდებოდა”.

ცნობისთვის, იმ შესარჩევ ციკლში, ირლანდიის გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები შვეიცარია, რუსეთი და ალბანეთი იყვნენ და ჩვენი გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შინ რუსეთსა და ალბანეთს სძლიეს, შვეიცარიას დაუზავდნენ, 7 ქულა მოაგროვეს და შედეგად, ალბანეთმა 1 ქულით გაგვისწრო. არველაძემ ის საკვალიფიკაციო ტურნირი 4 გოლით დაასრულა და ჯგუფში მხოლოდ შვეიცარიელ ალექსანდერ ფრაის ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები