Thumbnail

ფიური V უაილდერი ავსტრალიაში? საშობაო საჩუქარი კრივის ქომაგებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრიტანელი და ამერიკელი მოკრივეების მე-3 ორთაბრძოლა წლის ბოლოს იგეგმება
  • თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, ჩხუბი ავსტრალიის სტადიონზე შედგება

ბრიტანელი ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ორთაბრძოლა, რომელსაც კრივის სამყარო დიდი ინტერესით ელის, შესაძლოა, წლეულსვე ჩატარდეს, შობის დღეებში, ავსტრალიაში. აღნიშნული  შერკინების ორგანიზება, დიდი ალბათობით, საქვეყნოდ ცნობილ პრომოუტერ ბობ არუმს დაევალება. ამის შესახებ განცხადება მისმავე კოლეგა დინ ლონერგანმა გააკეთა.

“ავსტრალიაში შესაბამისი სტადიონების ნაკლებობა ნამდვილად არ არის. მაგალითად, კარგი ვარიანტია 45 000-ათასიანი არენა Bankwest Stadium სიდნეიში. წლის ბოლოს იქ ჩინებული ამინდი იქნება და თუკი ბრძოლის მაყურებლების თანდასწრებით ჩატარება გვსურს, ეს, იდეალური ადგილია. ავსტრალია და ახალი ზელანდია კორონავირუსს ჩინებულად უმკლავდებიან და როგორც ვიცი, მალე იქ სპორტულ ღონისძიებებზე ხალხის დაშვებას აპირებენ. თუკი მოხერხდა და შერკინება ზუსტად შობის ღამეს დაიგეგმა, ეს ხომ საერთოდაც ჩინებული იქნება. კრივის ქომაგები ნამდვილ საჩუქარს მიიღებენ. ეს, რეალური ვარიანტია, თუმცა, თუკი წლის ბოლოს უკვე აშშ-შიც ნორმალური სიტუაცია იქნა, ცხადია, არჩევანი ისევ ლას ვეგასზე შეჩერდება”.

თუკი აღნიშნული ორთაბრძოლა შედგა, სახელოვანი მოკრივეები რინგზე მესამედ შეიყრებიან. მათი პირველი ჩხუბი 2018 წელს ლოს ანჟელესში მძიმე წონაში WBC-ს საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართა და მაშინ უაილდერმა მეტოქე ნოკდაუნში 2-ჯერ გაგზავნა, თუმცა, საბოლოოდ, ფრე აღინიშნა, რაც ტიტულის მფლობელ ამერიკელს აწყობდა.

სახელოვანი მოკრივეების ბოლო ორთაბრძოლა ამერიკელის მარცხით დასრულდა

მიმდინარე წლის თებერვალში მოკრივეები ერთმანეთს უკვე ლას ვეგასში გაეჯიბრნენ და ქომაგებმა კვლავაც კარგი სანახაობა იხილეს. ამჯერად, ფიურის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. მან უაილდერი 2-ჯერ დააგდო, მე-7 რაუნდში კი ამერიკელის ერთ-ერთმა სეკუნდანტმა რინგზე პირსახოცი ისროლა და ბრძოლაც შეწყდა.

მატჩ-რევანში წლეულს ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო ჯერ ოქტომბრისთის გადაიდო, ამჯერად კი, როგორც აღვნიშნეთ, მისი გამართვა საშობაოდ იგეგმება. ამ დროისთვის, უაილდერს 44 ბრძოლაში 42 მოგება და თითო ფრე და წაგება აქვს, ხოლო ფიურის – 31 შეხვედრაში 30 გამარჯვება და 1 ფრე.

კომენტარები

ბოლო ამბები