Thumbnail

თუკი შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ დარჩა (მცირე, მაგრამ მაინც) შანსი, რომ გერმანიის ჩემპიონატი ბოლოს კიდევ დაიძაბოს, ეს ფაქტობრივად ბოლო შანსია: ლიდერი მიუნხენის ბაიერნი მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდის ბორუსიას 7 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი. იმისათვის, რომ ბუნდესლიგა ფინიშის წინ კიდევ დაიძაბოს, ბაიერნმა ლევერკუზენში ქულები უნდა დაკარგოს. თუმცა რეკორდმაისტერი იმდენად კარგ ფორმაშია და თამაშებს ისე იგებს (რესტარტის მერეც ყველა მატჩი მოიგო), რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ლევერკუზენის თავისი მიზანი აქვს და ქულები ძალიან სჭირდება: ‘ფარმაცევტები’ ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაზე ოცნებობენ, რაც მათ ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანდა.

პირველ წრეში ბაიერნი ლევერკუზენთან საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა და საერთოდ, რეკორდმაისტერს ამ მეტოქესთან ბოლო ორი თამაში წაგებული აქვს. თუ ბაიერნი ლევერკუზენში მოიგებს, ბავარიული გრანდის ზედიზედ მერვე ჩემპიონობა უკვე გარდაუვალი იქნება.

პირველ წრეში ბაიერნმა ლევერკუზენთან შინ 1:2 წააგო და ერთადერთი გოლი მიულერმა გაიტანა

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევერკუზენი და გლადბახი იყვნენ ის გუნდები, რომლებმაც ბაიერნს ბუნდესლიგაში ბოლოს მარცხი აგემეს, მას მერე კი გუნდი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით შესანიშნავ ფორმაშია. როგორც მიხვდით, ლევერკუზენის მერე ბაიერნი სწორედ გლადბახს უნდა შეხვდეს და ესეც იმ შანსის გაგრძელებაა, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ.

თუ ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში 3-4-3-ს აირჩევს, დაცვაში თაა დადგება, ვაიზერი სკამზე გადაინაცვლებს, ამირი კი მარჯვნივ გადაიწევს. შესაძლოა, ბოშმა ძირითად შემადგენლობაში კევინ ფოლანდი გაამწესოს, ხოლო კაი ჰავერტცი კი ათიანის პოზიციაზე დახიოს.

მიუნხენურ გრანდს კი ტიაგო ალკანტარა გამოუჯანმრთელდა. დიდი შანსია, რომ სწორედ მან დაიწყოს თამაში და ასეთ შემთხვევაში ლეონ გორეტცკა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. 

სანამ მატჩის განსაკუთრებულ სტატისტიკურ ფაქტებზე გადავიდოდეთ, ტურის სხვა თამაშებსაც გადავხედოთ: მესამეადგილოსანი ლაიპციგი პადერბორნს მიიღებს და ალბათ უფრო მიაახლოვებს მეორე ბუნდესლიგას. ძალიან საინტერესო იქნება დორტმუნდის ბორუსიას და ჰერტას მატჩი - როგორც იცით, ბერლინელები ბრუნო ლაბადიას ხელში ჯერაც დაუმარცხებლები არიან. კვირას სამი თამაშია და აქედან ყველაზე დიდ ინტერესს ვერდერისა და ვოლფსბურგის დაპირისპირება იწვევს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლევერკუზენმა რესტარტის შემდეგ 4-დან 3 მატჩი მოიგო.

⚽ 2020 წელს ლევერკუზენის მატჩებში (სულ 12) საშუალოდ 3,83 გოლი გადის.

⚽ ბაიერნს ლევერკუზენთან ბოლო 2 დუელი წაგებული აქვს.

⚽ პირველ წრეში ბაიერნი ლევერკუზენთან საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა.

⚽ რესტარტის შემდეგ ლევერკუზენმა საკუთარ მოედანზე 1 მატჩი ჩაატარა და წააგო, სტუმრად კი 3 თამაში გამართა და სამივე მოიგო. ეს კარგად ასახავს ბუნდესლიგის ზოგად ტენდენციას - რესტარტის მერე ბუნდესლიგის თამაშების 51,35 პროცენტი სტუმრებმა მოიგეს. მასპინძლებმა მხოლოდ 21,62%. 

⚽ მიუნხენური გრანდი მორიგი ჩემპიონობისკენ მიიწევს და ბუნდესლიგაში ბოლოს ზედიზედ 8 თამაში აქვს მოგებული. აქედან 6 რამდენიმებურთიანი სხვაობით.

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგის ამ სეზონში, გასვლითი მატჩებიდან მხოლოდ ერთში წააგო პირველი ტაიმი.

⚽ 5 თამაშია, როდესაც კაი ჰავერტცს ლევერკუზენისთის გოლი გააქვს, ანგარიშს სწორედ ის ხნის ხოლმე.

⚽ პირველ წრეში ბაიერნიდან ლევერკუზენს გოლი თომას მიულერმა გაუტანა. საერთო ჯამში მას ლევერკუზენის კარში კარიერაში 7 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლევერკუზენისა და ბაიერნის ბოლო 6 მატჩში პირველ ტაიმში საშუალოდ 2,17 გოლი გადიოდა.

⚽ სეზონის განახლების შემდეგ ლევერკუზენი საშუალოდ 2,33 ყვითელ ბარათს იღებდა. შედარებისთვის: რესტარტამდე ეს მაჩვენებელი 1,66 იყო.

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო 9 მატჩში პირველი 3 კუთხური ჩააწოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ვაიზერი, ტაპსობა, ს. ბენდერი, სინკგრავენი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი, ამირი, დიაბი - ჰავერტცი.
ტრავმა: ლ. ბენდერი
დისკვალიფიკაცია: არავინ

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა. დევისი - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა - კომანი, თ. მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კოუტინიო, ზიულე, ტოლისო
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები