Thumbnail
  • ბრაზილიელმა ნეიმარმა ბარსელონა 2017 წელს დატოვა
  • კატალონიელები ნეიმარის გარდა ლაუტარო მარტინესის დამატებას ცდილობენ

2017 წელს ნეიმარი ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ თითქმის ყოველ სატრანსფერო ფანჯრისას წერენ ბრაზილიელი ფეხბურთელის კატალონიაში დაბრუნების შესახებ.

ყველაზე ახლოს 28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებასთან გასულ ზაფხულს იყო, თუმცა მაშინ გუნდები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და ნეიმარიც საფრანგეთის დედაქალაქში დარჩა.

Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ ბარსელონას ნეიმარის სატრანსფერო თანხა დაუსახელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული გუნდი ბრაზილიელში 175 მილიონ ევროს ითხოვს. პარი სენ-ჟერმენი ზარალში მიდის, რადგან მან ფეხბურთელი თავის დროზე 222 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა გასათვალისწინებელია კორონავიუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომუკური კრიზისიც.

მიუხედავად ერთგვარი ფასდაკლებისა, დიდი ალბათობით, ბარსელონას ამხელა თანხის გადახდა კრიზისის ფონზე გაუჭირდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ესპანური გუნდის მთავარი სატრანსფერო მიზანი ამ ზაფხულს ლაუტარო მარტინესის დამატებაა, რომელიც ასევე საკმაოდ ძვირი ღირს. ბარსელონას მხრიდან ორი ხმაურიანი ტრანსფერის ერთდროულად განხორციელების შანსი კი თითქმის მიზერულია.

ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბრაზილიელმა ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 13 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები