Thumbnail
  • გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს ძირითად გუნდში დააწინაურეს
  • პოპსპორტის ინტერვიუ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრთან
  • მან ჟირონაში გატარებული პერიოდიც გაიხსენა

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი სამშობლოში ითამაშა. ქომაგებს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაამახსოვრდათ და მათ შორის ერთ-ერთი მოთამაშე გიორგი ქოჩორაშვილია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კარიერა ესპანეთში გააგრძელა.

გიორგიმ კატალონიურ ჟირონაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ლევანტეში აღმოჩნდა და ახლა უკვე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პოპსპორტი ქართველ ფეხბურთელს ვალენსიაში დაუკავშირდა.

Popsport: კორონავირუსის გამო ესპანეთში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. თვითიზოლაციის პერიოდი როგორ გაატარე?

გიორგი ქოჩორაშვილი: ორი თვე სახლში ვიყავი. მხოლოდ მაღაზიაში გავდიოდი. თუმცა იზოლაციაში ფორმას ვინარჩუნებდი. ყოველდღე მქონდა კონტაქტი სამწვრთნელო შტაბთან. ვარჯიშის ვიდეოებს მიგზავნიდნენ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სახლში ყოფნა რთული არ იყო. რაც ესპანეთში ვარ, სულ ვარჯიშზე მიწევს ყოფნა. შესაბამისად, ვარჯიშიდან სახლში დაბრუნებაზე მეტად არაფერი მიყვარს.

Popsport: კონკრეტულად ვალენსიაში როგორი მდგომარეობა იყო? პანდემიამდე რომელიმე თამაშს ხომ არ დაესწარი?

გიორგი ქოჩორაშვილი: ვალენსიაშიც რთული მდგომარეობა იყო, როგორც მთლიან ესპანეთში. ვცდილობდი, რომ საინფორმაციო გამოშვება ხშირად არ მენახა, რადგანაც ისედაც სახლში ვიჯექი. ვიცი, რომ კატალონიაში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. არცერთ მატჩზე წასვლა არ მომიწია, რადგანაც დიდი გუნდისა და მეორე გუნდის მატჩების დროები ან დღეები ემთხვევა.

Popsport: ჟირონაში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი? პაბლო მაჩინისთან თუ მოგიწია შეხვედრა და კლუბის ლიდერებთან?

გიორგი ქოჩორაშვილი: 18 წლის ვიყავი, როდესაც ჟირონას 19-წლამდელთა გუნდში დავიწყე თამაში. პაბლო მაჩინისთან 2-3 კვირა ვიმუშავე. მომდევნო წელს ჟირონას მეორე გუნდში დამაწინაურეს და იქ უკვე ეუსებიო საკრისტანთან მუშაობა მომიწია. ეუსებიოსთან უკეთესი ურთიერთობა მქონდა. ჩემთან ახლოს იყო. რჩევებს მაძლევდა და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. 4 მატჩი მათამაშა პირველ გუნდში. ტოტენჰემთან თამაში ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მოედანზე შესვლამდე ეუსებიომ დამარიგა და მითხრა, რომ თამაში უნდა გამეკონტროლებინა.

🇬🇪🇪🇸⚽️❤️

Posted by Giorgi Kochorashvili on შაბათი, 10 თებერვალი, 2018

Popsport: ლევანტეში როგორ აღმოჩნდი?

გიორგი ქოჩორაშვილი: ჟირონასთან 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, რის შემდეგაც ერთი წელი განათხოვრებით პერალადაში ვითამაშე. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. ესპანეთიდან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ოჯახთან ერთად ლევანტე ავირჩიე.

Popsport: საკრისტანის როლი ახსენე. ახლა ლევანტეში პირველ გუნდში დაგაწინაურეს და პაკო ლოპესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

გიორგი ქოჩორაშვილი: ლევანტეში მეორე გუნდთან დავიწყე ვარჯიში და მეორე თამაშში ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ორი თვე ვერ ვითამაშე. დაბრუნების შემდეგ, ბოლო 15 მატჩი ვითამაშე მეორე გუნდში. კარანტინის დაწყებამდე, ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა პაკო ლოპესთან და პირველ გუნდთან, მაგრამ ის საკრისტანისგან განსხვავებულია, ისე ხშირად არ მოდის სასაუბროდ. ფეხბურთელებთან გარკვეული დისტანცია აქვს, თუმცა საჭირო მომენტებში ყოველთვის ლაპარაკობს და ვარჯიშებზეც თავისუფლებას გაძლევს.

Popsport: ხოსე ლუის მორალესის გარდა, გუნდიდან კიდევ ვის გამოარჩევდი?

გიორგი ქოჩორაშვილი: მორალესს რაც შეეხება, ამ ერთ თვეში კარგად გავიცანი. გასახდელში ხშირად გელაპარაკება და რაღაცებს გიხსნის. ყველას მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. სტადიონზე ძალიან ფიცხია. ვარჯიშებზე ძალიან ბრაზდება, როცა მის გუნდში გიწევს თამაში და ბურთს კარგავ.

Popsport: ენეს ბარდიზე რას გვეტყვი. შესაძლოა, მაკედონიის ნაკრებთან მოგვიწიოს თამაში...

გიორგი ქოჩორაშვილი: ბარდი თავმდაბალი ადამიანია. ერთხელ ვუთხარი, რომ შესაძლოა, ჩვენ შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის მატჩში და შეიძლება მოგიგოთ- მეთქი. სიცილით მიპასუხა: ვნახოთო. ბარდისთან და მორალესთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რადგანაც ერთ სააგენტოში მოვხვდით. ხოსე კამპანიასთანაც ვმეგობრობ, ასევე რუბენ როჩინასთან. ყველაზე კარგი ურთიერთობა გონსალო მელეროსთან მაქვს, რომელმაც პირველივე ვარჯიშზე მკითხა რაღაცები და ძალიან დამეხმარა.

Popsport: როგორ ფიქრობ, ვალენსიურ დერბიში თამაში მოგიწევს?

გიორგი ქოჩორაშვილი: გუნდში ახლა 25-26 კაცი ვვარჯიშობთ. როგორც იცით, 23-კაციანი განაცხადი უნდა გაკეთდეს. მეორე გუნდიდან 3 ფეხბურთელი დაგვაწინაურეს. პაკო ლოპესს ვესაუბრე და მითხრა, ბოლომდე დაიხარჯე და შენს შანსს აუცილებლად მიიღებო.

Popsport: შენი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რა შანსი გვაქვს?

გიორგი ქოჩორაშვილი: ჩემი ოცნებაა, რომ ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ ამისთვის პირველ გუნდში რამდენიმე მატჩი უნდა ჩავატარო და დავამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ. ახლა ძალიან კარგი გუნდი გვყავს. იმედია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს გამოვიყენებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები