Thumbnail

უეფამ ტრაბზონსპორი ევროტურნირებიდან მოკვეთა - მიზეზი ფინანსური ფეარ-პლეია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თურქული კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის დაისაჯა
  • ტრაბზონპორს ხარვეზების გამოსასწორებლად უეფასგან საკმარისი დრო ჰქონდა 

თურქეთის სუპერლიგის ლიდერი ტრაბზონსპორი ერთი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთილია. უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის პალატამ (CFCB) თურქული კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის დასაჯა.

ტრაბზონსპორი წელს თურქეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის

უეფამ ტრაბზონსპორთან შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დადო, რომლის თანახმად, კლუბს რამდენიმე პირობა უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გუნდი ევროთასებიდან ერთი წლით მოიკვეთებოდა.

უეფას მოთხოვნები ტრაბზონსპორმა ვერ შეასრულა, ორგანიზაციამ კი 2019 წლის 5 ივლისს დაადგინა, რომ კლუბმა ვერ შეძლო ფინანსურად არაწაგებიანი გამხდარიყო. შესაბამისად, თურქული გუნდი უახლოესი ორი სეზონიდან (2020/21 ან 2021/22 წლებში) ერთ-ერთს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპალიგაში გამოტოვებს, თუკი შიდა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით იქ თამაშის უფლებას დაიმსახურებს.

თურქეთის სუპერლიგაში პაუზის გამოცხადებამდე ჩატარებულ 26 ტურში მოპოვებული 53 ქულით სწორედ ტრაბზონსპორი ლიდერობდა. ჩემპიონატის განახლება 12 ივნისს იგეგმება.

შოთა და აჩი არველაძეები ტრაბზონსპორში 1993-97 წლებში გამოდიოდნენ

შეგახსენებთ, რომ ტრაბზონსპორის ღირსებას, რომელიც თურქეთის 6-გზის ჩემპიონია, თავის დროზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: შოთა და აჩი არველაძეები, გიორგი ნემსაძე და გოჩა ჯამარაული იცავდნენ. მოგვიანებით შოთა არველაძე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც იკავებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები