Thumbnail

მარადონას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - მე-19 ადგილი პრობლემა არაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინელი ლეგენდა სამწვრთნელო საქმიანობას ხიმნასიაში გააგრძელებს
  • 59 წლის სპეციალისტი ლა პლატას კლუბში 2021 წლის ბოლომდე იმუშავებს

ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც ამჟამად თავის სამშობლოში ლა პლატას ხიმნასიას წვრთნის, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

"ხიმნასია და დიეგო არმანდო მარადონა, კონტრაქტის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების შემდეგ, მუშაობას ერთად გააგრძელებენ. ის მთავარ გუნდს დამხმარეებთან - სებასტიან მენდესსა და ადრიან გონსალესთან ერთად უხელმძღვანელებს", - იუწყება არგენტინული კლუბის პრესსამსახური.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ხიმნასია 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა, მანამდე 59 წლის სპეციალისტი მექსიკურ დორადოსში, საამიროების ალ ვასლსა და ალ ფუჯაირაში მუშაობდა. 2008-10 წლებში კი დიეგოს არგენტინის ეროვნული ნაკრები ებარა.

აღსანიშნავია, რომ მარადონას მომავალს ესპანურ საფეხბურთო კლუბს, ელჩესაც უკავშირებდნენ, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. 

არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, ხიმნასია მე-19 ადგილს იკავებდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი ნაადრევად დასრულებულად გამოცხადდა. ამასთან, გუნდები ორი სეზონის განმავლობაში ელიტური დივიზიონიდან არ გავარდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები