Thumbnail

რასიზმთან ბრძოლა არ ისჯება - გერმანიის ფეხბურთის კავშირის გადაწყვეტილება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გერმანიის ფეხბურთის კავშირმა ფიფას რეკომენდაცია გაითვალისწინა
  • ჯორჯ ფლოიდისადმი სოლიდარობისთვის ბუნდესლიგაში არავის დასჯიან

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა თავის ოფიციალურ საიტზე ბუნდესლიგის გასული ტურის ეპიზოდების ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩების დროს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას გამოეხმაურა, რომელიც პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მიონხეგლადბახის ბორუსიას ფორვარდმა მარკუს ტიურამმა უნიონის კარში გატანილი გოლი, ცალ მუხლზე დადგომითა და თავის დახრით აღნიშნა.

შალკეს ფეხბურთელი ვესტონ მაკენი ვერდერთან შეხვედრაში სამკლაურით წარსდგა, რომელზეც ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი სიტყვები ეწერა, ხოლო დორტმუნდის ბორუსიას მოთამაშეებმა, ჯეიდონ სანჩომ და აშრაფ ჰაკიმიმ პადერბორნის კარში გატანილი გოლების შემდეგ, მაისურები გაიხადეს და გამოაჩინეს წარწერა - Justice for George Floyd. სანჩო ამის გამო ყვითელი ბარათითაც დაისაჯა.

აღსანიშნავია, რომ ფიფა თავიდანვე გამოვიდა მოწოდებით, რომ ფეხბურთელები ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი ქმედებებისთვის არ უნდა დასჯილიყვნენ. როგორც ჩანს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის რჩევა გერმანიის ფეხბურთის კავშირმაც გაითვალისწინა და ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები სასჯელს აღარ მიიღებენ. მათი ქმედებები შეფასდა, როგორც რასიზმთან ბრძოლა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირი აპირებს, ანალოგიურად იმოქმედოს შემდგომშიც, თუკი მსგავსი ფაქტები მომავალ შეხვედრებშიც იქნება.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები