Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფემ შერმადინისა და ვიდორეტას შემდეგ, მარსელინიოც დაიბევა
  • ბრაზილიელი და ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს მოედანზე კარგად უგებენ

მცირე ხნის წინ, ესპანურმა იბეროსტარ ტენერიფემ კონტრაქტები გაუგრძელა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჩუს ვიდორეტასა (2022 წლამდე) და გიორგი შერმადინს (2023 წლამდე), ახლა კი, ბრაზიელიელი მარსელინიო უერტასის ჯერიც დადგა, რაც ქართველი ცენტრისთვის განსაკუთრებით სასიხარულო უნდა იყოს.

საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონში ტენერიფელთა წარმატებული თამაში მეტწილად სწორედ ქართულ-ბრაზილიურ ტანდემზეა დამოკიდებული. შერმადინი ყველაზე კარგად სწორედ უერტასს უგებს და მისი პასებით არაერთი ქულა აქვს აღებული. შემთხვევითი არაა, რომ ესპანურმა ვებ-გვერდმა Gigantes სტატია ბრაზილიელის ახალი კონტრაქტის შესახებ ამ სათაურით გამოაქვეყნა: "შერმადინისა და უერტასის დუეტს დაშლა არ ემუქრება". გიორგის შესახებ აღმატებით ხარისხში საუბრობს თავად მარსელინიოც, რომელსაც სახელოვანი კარიერის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი კალათბურთელის მხარდამხარ უთამაშია.

“შერმადინი იმ კალათბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ფარქვეშ თავს ჩინებულად გრძნობენ. საკმარისია, მას ბურთი ხელებში ჩაუგდოთ, რომ თითქმის შეუჩერებელია. გიორგის მეტოქის დაცვაში თავისუფალი სივრცეების ნახვა არ უჭირს, კარგად იხსნება და ცხოვრებას მეც მიადვილებს. ამასთან, პერიმეტრსაც აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში პასს არც მსროლელებს დაუგვიანებს. იმედი მაქვს, ჩვენი ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება” - ეს სიტყვები ბრაზილიელმა მცველმა გასული წლის მიწურულს თქვა.

საინტერესოა, რომ უერტასს იბეროსტარ ტენერიფესთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე ჰქონდა, დღეს კი, ხელშეკრულება კიდევ 1 სეზონით გააგრძელა და ამგვარად, გადაწყვეტილია, რომ კალათბურთს 39 წლამდე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში, ლიგა ენდესაში, მარსელინიოს საშუალო მონაგარი 13.1 ქულა და 8.1 პასია, ჩემპიონთა ლიგაში კი – 12.0 ქულა და 8.6 პასი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი სრულად ვალენსიაში ჩატარდება და ის 17-დან 30 ივნისამდეა გაწერილი. უკვე ჩატარებული 23 ტურის შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო ორ ჯგუფში გადანაწილდა, შერმადინისა და უერტასის ტენერიფეს მეტოქეები კი თორნიკე შენგელიას ბასკონია, ბარსელონა, ბილბაო ბასკეტი, უნიკახა და ხუვენტუტი იქნებიან. ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში (28 ივნისი) გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი (30) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები