Thumbnail

მინდორზე გამოდის Burger King-ი - სახალისო ამბავი კოსტა-რიკაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალახუელენსეს სპონსორმა ორიგინალურ სარეკლამო ხერხს მიმართა
  • ხონათან მაკდონალდი ის ფეხბურთელია, ვინც მეტოქეს ბუცი ესროლა

კოსტა-რიკა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა და ერთი სახალისო ამბავიც მოხდა. ის იქაურ კლასიკოში ვიხილეთ, რომელშიც ერთმანეთს კოსტა-რიკის 29 და 34-გზის ჩემპიონები ალახუელენსე და დეპორტივო საპრისა დაუპირისპირდნენ.

პრინციპული შეხვედრა 2:2 დასრულდა, ყველაზე საინტერესო კი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოხდა, როდესაც მასპინძლებმა მინდორზე ხონათან მაკდონალდი შეიყვანეს. თუმცა, ის შეცვლაზე თავისი გვარით არ შესულა, არამედ მაისურზე Burger King ეწერა. საქმე ის გახლავთ, რომ სწრაფი კვების გიგანტი ალახუელენსეს ერთ-ერთი სპონსორია, ამდენად, ქვეყნის ყველაზე ყურებად მატჩში, მათ ფეხბურთელის ზურგზე უმთავრესი კონკურენტის სახელის დაწერა არ ინებეს. ცხადია, რომელიმე ევროპულ ლიგაში მსგავსი თვითნებობა წარმოუდგენელი იქნებოდა, კოსტა რიკაში, როგორც სჩანს, ყველაფერი მოსულა.

სხვათა შორის, 32 წლის მაკდონალდი სამშობლოში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია. მას ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და ქვეყნის 3-გზის ჩემპიონია. ხონათანს კარიერის დიდი ნაწილი კოსტა-რიკაში აქვს გატარებული, თუმცა, კანადაში, შვედეთსა და ყატარშიც უთამაშია. სხვათა შორის, მაკდონალდი სწორედ საპრისას წინააღმდეგ თამაშობდა, როდესაც კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდის გმირი გახდა. 2016 წელს გამართულ მატჩში ის მეტოქის უხეშობამ აღაშფოთა, რის გამოც ბუცი გაიხადა და ესროლა. ხონათანს რომ ნერვები წესრიგში არ აქვს, ამ სეზონშიც კარგად სჩანს. მას უკვე 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები