Thumbnail

20 წლის ასაკში დაწერილი ანდერძი - ვირჯილ ვან დაიკის ცხოვრების კოშმარი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულისა და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა რთული პერიოდი გაიხსენა
  • 20 წლის ვირჯილი საავადმოფოში დახმარებას ღმერთს თხოვდა და ანდერძს წერდა

ცოტა ხნის წინ ვირჯილ ვან დაიკმა გორნინგენი გაკოტრებისგან იხსნა, რისი საფრთხის წინაშეეც კლუბი კორონავირუსის პანდემიამ დააყენა. ლივერპულისა და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა მცველმა პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, თუმცა საფეხბურთო გზის დასაწყისი ვირჯილისთვის მარტივი არ იყო. 

ვან დაიკს 20 წლის ასაკში მწვავე აპენდიციტის გამო პერიტონიტისა და თირკმლის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ახლახან ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან სწორედ ის რთული პერიოდი გაიხსენა.

დიდ ფეხბურთში ვირჯილის გზა მშობლიური გრონინგენიდან დაიწყო

"საავადმყოფოში მყოფი ირგვლივ მხოლოდ მილაკებს ვხედავდი. სხეულს ვერ ვგრძნობდი, თავში კი მხოლოდ ცუდი აზრები მომდიოდა. ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მე და დედაჩემი დახმარებას ღმერთს ვთხოვდით და ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავდით. რაღაც მომენტში რამდენიმე საბუთზე ხელმოწერაც დამჭირდა. ეს ერთგვარი ანდერძი იყო.

თუკი ვერ გადავრჩებოდი, ჩემი კუთვნილი თანხის ნაწილი დედაჩემს დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არავის სურდა, მაგრამ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ხელი უნდა მომეწერა საბუთებზე, რადგან შეიძლებოდა ეს დასასრული ყოფილიყო. საავადმყოფოში 13 ღამე გავატარე. ძალიან მიჭირდა, სიარულიც არ შემეძლო". 

ვირჯილმა ლივერპულთან ერთად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო

28 წლის ვირჯილ ვან დაიკმა, 2018 წლის იანვარში ლივერპულში მისვლამდე, კარიერის განმავლობაში გრონინგენში, სელტიკსა და, საუთჰემპტონში ითამაშა. მცველმა შოტლანდიელებთან ერთად ორჯერ ჩემპიონობა იზეიმა და ერთხელ ქვეყნის თასი მოიგო, ლივერპულთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29  მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. ვირჯილი მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის ჩემპიონობასთან ახლოსაა - ლივერპულს 29 მატჩში 82 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სიტისთან 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები