Thumbnail

ლობჟანიძე ინგლისში? ქართველი მორაგბე პრემიერშიპის გრანდის სიაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ის მაღალი კლასის სქრამჰავია, რომლის დამატებითაც ბასი უდავოდ იხეირებს'
  • ცნობილი ინგლისური კლუბი 9 ნომრის პოზიციაზე ქართველის კანდიდატურასაც განიხილავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული ბრივის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე ინგლისური ბასის ინტერესის სფეროში მოხვდა. ამ ინფორმაციას Ruck.co.uk ავრცელებს.

პრემიერშიპის გუნდი ახალი ჰავბექის ძიებით მას შემდეგ დაკავდა, რაც გადაწყდა, რომ გუნდს ტოვებენ უელსელი რის ვები და ინგლისელი ვილ ჩადლი. როგორც ირკვევა, ბასი არჩევანს შემდეგ ხუთ მორაგბეს შორის გააკეთებს: აიზეკ ლუკასი (ავსტრალია), ბენ სპენსერი (ინგლისი), უილ გენია (ავსტრალია), გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია) და ვასილ ლობჟანიძე. აი, რას წერს ინგლისური გამოცემა ქართველი ლეგიონერის შესახებ.

ვასილ ლობჟანიძე

“საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე მაღალი კლასის კიდევ ერთი სქრამჰავია, რომლის დამატებითაც ბასი უდავოდ იხეირებს. მითუმეტეს, რომ ლობჟანიძეს ბრივთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, მოგვიანებით კი, 2020 წლის 1 თებერვალს, 23 წლისა და 110 დღის ასაკში 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ამით, უელსელი ჯორჯ ნორსის რეკორდი დაამხო. მისი დამატებით ბასი ნამდვილად გაძლიერდება”.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ ფრანგულ ბრივთან თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი 2015 წლის დეკემბერში გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან TOP 14-ში 9 მატჩი ჩაატარა, ჩელენჯ ქაფზე კი – 5.

ვთქვათ ისიც, რომ ბასი 1865 წელს გახლავთ დაარსებული და ინგლისური პრემიერშიპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია. ბასს ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული, ამას გარდა, ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზეც უმარჯვია. მიმდინარე სეზონში ბასს 13 ტურის თავზე 30 ქულა ჰქონდა და მე-6 ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც პანდემიის გამო, სეზონი შეწყდა.

კომენტარები

ბოლო ამბები