Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივში საქართველოს ნაკრების მცველის მომავალი ბუნდოვანია
  • რუსულ მედიაში 28 წლის ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივაზე მსჯელობენ 

საბა კვერკველიას მომავალი მოსკოვის ლოკომოტივში ბუნდოვანია. პანდემიით გამოწვეული პაუზის პერიოდში, კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იური სიომინი გაუშვეს და მის ადგილს სერბი სპეციალისტი მარკო ნიკოლოჩი დაიკავებს. მედიაში დაიწერა, რომ ნიკოლიჩი შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და დიდი ალბათობით, 28 წლის ქართველ მცველსაც შეელევა. უკვე დასახელდა კიდეც სამი რუსული კლუბი, სადაც შესაძლოა საბა აღმოჩნდეს. ესენია: კრასნოდარი, როსტოვი და როტორი…

სიომინის წასვლის შემდეგ, ლოკომოტივში საბას პოზიციები შეირყა

championat.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ლოკომოტივის ფეხბურთელების პერსპექტივები განიხილა. რკინიგზელთა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ, მაგრამ გაშვება შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველიც მოხვდა. აი, რას წერს საიტი:

სოლომონ კვერკველია, 28 წლის, ცენტრალური მცველი
კონტრაქტი ეწურება: 30.06.2021
სეზონში: 4 მატჩი რუსეთის პრემიერლიგაში, 1 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში, 1 მატჩი რუსეთის თასზე.

რთული საკითხია, რომელზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. 

ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ სიომინი "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში სწორედ ქართველ მცველზე საუბრობდა: "ვაყენებ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში, ვამზადებ მას მუშაობის მომდევნო ეტაპისთვის და ნდობას სრულად ვუცხადებ. გენერალური დირექტორი კი მიდის მასთან და ეუბნება: "მოდი, ასე მოვიქცეთ. წადი და კონტრაქტის დარჩენილი პერიოდის ხელფასის ნახევარს მოქცემთ". ეს საერთოდ რა არის - შედეგზე ასე უნდა მუშაობა? გვარს არ დავასახელებ, რადგან ის ფეხბურთელი ისევ გუნდშია და მან ძალიან კარგად ჩაატარა გაზაფხულის პირველი მატჩები".

თანაც, არავისთვის არის საიდუმლო, რომ კვერკველია პატივს სცემს სიომინს და კარანტინის დროს მასთან აგარაკზეც ვარჯიშობდა.

საბამ ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი (ორჯერ) მოიგო

თავისი მახასიათებლებით, კვერკველია ისევ არის რუსეთის პრემიერლიგის ტოპმცველი. მას ჩავარდნა ჰქონდა გასული სეზონის მიწურულს, რაც ამოუცნობ ტრავმასთან იყო დაკავშირებული. სოლომონმა ცუდად ჩაატარა ზამთრის შეკრებებიც, მაგრამ გაზაფხულზე დაამტკიცა, რომ სარგებლის მოტანა ჯერ კიდევ შეუძლია. 

კვერკველია აგრესიული და მძლავრია, ბრწყინვალედ ატარებს სტატიკულ ორთაბრძოლებს, შესანიშნავად იბრძვის მეორე სართულზე, ჩორლუკაზე უკეთ დარბის დისტანციაზე. მაგრამ მას შეზღუდვებიც აქვს: პოზიციური თამაში, მეტოქის მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე რეაგირება, ასევე - შეტევის წამოწყება წნეხის დროს. 

გამოადგება კვერკველია ლოკომოტივს? თუ მოტივირებულია და ოპტიმალურ ფორმაშია, აუცილებლად. თუკი ის კონდიციებს აღიდგენს, რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის კარგი ვარიანტი იქნება. მაგრამ თუკი "რკინიგზელებს" დაცვის ხაზის განახლება და გაახალგაზრდავება, უფრო ასწრაფება და გათანამედროვეობა სურთ, ამ შემთხვევაში ქართველი მცველის პოზიცია არცთუ მყარი მოჩანს, როგორც ჩორლუკასი. ეს უკანასკნელი კვერკველიას პოზიციურ თამაშში ჯობნის და უკეთესია გადაცემებში. 

და თუკი მხედველობაში მივიღებთ კოლექტივში შექმნილ ატმოსფეროს (თუ სოლომონი აგრესიულად არის განწყობილი ცვლილებებისადმი), მასთან განშორება ისეთი მტკივნეულ მოვლენად აღარ მოჩანს".

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს ახალი კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს

რუსეთის ჩემპიონატში პაუზის გამოცხადებამდე ჩატარებულ 22 ტურში ლოკომოტივმა 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ზენიტს 9 ქულით ჩამორჩება. ცნობილია, რომ ტურნირი 21 ივნისს უნდა განახლდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები