Thumbnail

ერთა ლიგა, როგორც მინიტურნირი? ბირჰოფი ყველას გერმანიაში ეპატიჟება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, წესით, შემოდგომით უნდა გაიმართოს
  • ოლივერ ბირჰოფი უეფას დახმარებას სთავაზობს

kicker-თან ინტერვიუში გერმანიის ნაკრების დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, ერთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშება მინიტურნირის სახით გაიმართოს. ასეთ შემთხვევაში, გერმანია მზადაა მასპინძლობისთვის...

კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორ გაიმართება ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშება, ჯერ უეფაში ცნობილი არ არის. ტურნირის ჯგუფური ეტაპი შემოდგომით (სექტემბერ-ნოემბერში) უნდა გაიმართოს.

ოლივერ ბირჰოფი

ოლივერ ბირჰოფი: "მინიტურნირის სახით გამართვა კარგი იდეაა. DFB-ს ხშირად დაუმტკიცებია, რომ ტურნირის გერმანიაში გამართვა კარგი ვარიანტია. თუ ეს მოდელი უეფას გადატვირთული კალენდრის დალაგებაში დაეხმარება, ჩვენ მზად ვართ. 

რადგანაც შემოდგომით, სამწუხაროდ, ისევ არ იქნება მატჩები სავსე ტრიბუნების თვალწინ, მასპინძლის ფაქტორი მინიმალურია. მაშ, რატომ არ გავმართოთ ტურნირი ნეიტრალურ ქვეყანაში? 

ერთ ქვეყანაში ერთა ლიგის გამართვა, რეკომენდაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების შესასრულებლადაც კარგი ვარიანტია".

ბირჰოფი არ აკონკრეტებს, რისთვის არის მზად გერმანია - A ლიგის მხოლოდ ერთი ჯგუფის სამასპინძლოდ (სადაც გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი და უკრაინა არიან), თუ მთლიანად A ლიგის სამასპინძლოდ. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ბირჰოფი მთლიანად ერთა ლიგას გულისხმობდეს, სადაც ოთხ ლიგად 55 ნაკრები მონაწილეობს. ფაქტია, ასეთ შემთხვევაში ტურნირი ერთწრიანი იქნება, რაც გაანახევრებს თამაშების რაოდენობას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C ლიგაში აღზევდა, სადაც ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიას, ესტონეთსა და სომხეთს ხვდება. წესით, ვლადიმირ ვაისის ნაკრები 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან მატჩით იწყებს, თუმცა უკვე დამტკიცებულ კალენდარს ცვლილება ელის. ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში აღზევდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები