Thumbnail

პირველი დიდი გარიგება: პარი სენ-ჟერმენის 60-მილიონიანი ტრანსფერი შედგა

  • ზაფხულის პირველი მეგა-ტრანსფერი განხორციელდა
  • პსჟ-მ მილანის ინტერიდან მაურო იკარდი გამოისყიდა

საფრანგეთის ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა მაურო იკარდის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტით ისარგებლა და თავდამსხმელი, რომელიც ზაფხულამდე იჯარით ჰყავდა აყვანილი, მილანის ინტერიდან საბოლოოდ გამოისყიდა. იკარდიმ პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ეს ინფორმაცია ფრანგულმა გრანდმა კვირას ოფიციალურად დაადასტურა. ინტერი არგენტინელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებს.

კლუბები მანამდე 70 მილიონ ევროზე იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ პარიზელებმა მილანელებს 10 მილიონის დაკლება სთხოვეს და ინტერიც დათანხმდა. ამრიგად, მაურო იკარდის პსჟ-ში 4 წლით გადასვლა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი დიდი ტრანსფერია.

პსჟ-ს ფორმით ჩატარებულ 31 ოფიციალურ მატჩში 27 წლის იკარდიმ 20 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს 2019 წლის თებერვალში ინტერის კაპიტნობა ჩამოართვეს და ანტონიო კონტეს ფორმაციის ‘ნერაძურიში’ მას მომავალი არ ჰქონდა.

 შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 ტური მთავრდება. 29-ე ტურის ბოლო მატჩში, ორშაბათს, კიოლნი ლაიპციგს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები