Thumbnail

'უჩვეულო სიტუაციაა' - შენგელიასთვის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება იოლი არაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ტრავმის მიღების ალბათობაც იზრდება, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის'
  • ქართველი კალათბურთელის ბასკონია ესპანურ ლიგა ენდესაში 17 ივნისიდან  ჩაებმება

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია და მისი ბასკონია აქტიურად ემზადებიან ესპანური ლიგა ენდესას გაგრძელებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის განახლება 17 ივნისიდან იგეგმება, ამდენად, გუნდებს სასურველ ფორმაში შესასვლელად არცთუ დიდი დრო აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შენგელიამ მცირე ინტერვიუ კლუბის პრესსამსახურს მისცა:

“გასაგებ მიზეზთა გამო, დიდი დრო გაგვიცდა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება იოლი არაა. ახლაც, ყველაფერი სპეციალური რეგულაციებით ხდება და მათთან შეგუება გვიწევს, თუმცა, სხვა გზა არც გვაქვს. სხვა შემთხვევაში, სეზონის განახლება შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც მოქმედება ასეთ ფორსირებულ რეჟიმში გიწევს, ტრავმის მიღების ალბათობაც იზრდება, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. უჩვეულო სიტუაციაა, რთულ პერიოდს გავდივართ და იმედია, დაგვიფასდება. გუნდში კარგი ვითარებაა, რადგანაც ამ პერიოდში ლუკა ვილდოზა და ჯეისონ გრეინჯერიც გამოჯანმრთელდნენ და მომავალ თამაშებში ჩვენს გვერდში იქნებიან. ჯანსაღი ატმოსფეროს არსებობას ბასკონიას მთავარი მწვრთნელიც უწყობს. ყველას გახსოვთ, რომ დუშკო ივანოვიჩის მოსვლის დროს, ბასკონიაში არცთუ კარგი მდგომარეობა იყო, ახლა კი, ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდათ. ჩვენი გუნდი ყველა მატჩზე მოსაგებად გადის და ახლაც ასე იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, მარტის დასაწყისში შეწყდა, მისი განახლების თაობაზე კი, გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. შეჯიბრი სრულად ვალენსიაში ჩატარდება და ის 17-დან 30 ივნისამდეა გაწერილი. უკვე ჩატარებული 23 ტურის შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო ორ ჯგუფში გადანაწილდა, შენგელიას ბასკონიას მეტოქეები კი გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე, ბარსელონა, ბილბაო ბასკეტი, უნიკახა და ხუვენტუტი იქნებიან. ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში (28 ივნისი) გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი (30) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები