Thumbnail

'საქართველო ექვს ერს იტალიაზე მეტს ვერაფერს შემატებს' - ირლანდიური რაგბის შეფი  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებიათ, მის შესახებ ევროპულ მედიაში სულ უფრო ხშირად წერენ. ახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი გაჩერებულია, თუმცა დისკუსია არ წყდება. საქმე ეხება ექვსი ერის გათამაშებაში გავარდნა/აღზევების სისტემის შემოღებას...

დისკუსიას მორიგი ბიძგი The Times-ში ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბის, სტიუარტ ბარნსის სტატიამ მისცა, რომელიც ექვსი ერიდან იტალიის გარიცხვას ითხოვდა. ამ სტატიამ განსაკუთრებით დიდი რეზონანსი თავად იტალიაში გამოიწვია, ბარნსს იტალიური რაგბის ლეგენდებმაც უპასუხეს.

დისკუსია გაგრძელდა ისევ The Times-ის მეშვეობით, პოდკასტ Off The Ball-ზე ამ თემაზე ირლანდიის რაგბის კავშირის (IRFU) აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა ისაუბრა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება იტალიის ექვსი ერიდან გარიცხვას...

ფილიპ ბრაუნი (IRFU): "წლების განმავლობაში გვესმის საქართველოს შესახებ, როგორც იტალიის ალტერნატივაზე ექვს ერში. იტალიამ საქართველოს რამდენჯერმე მოუგო. არა მგონია, რომ საქართველომ ტურნირს მეტი მისცეს, ვიდრე იტალიამ". 

ბრაუნმა ისიც აღნიშნა, რა იქნებოდა ირლანდიასაც იტალიის მსგავსი შედეგები, რომ ჰქონდეს ექვს ერში და ირლანდიის დაქვეითებაზე მიდგეს საქმე - "ეს ირლანდიურ რაგბის გაანადგურებდა". 

ფილიპ ბრაუნი (IRFU): "ირლანდია რომ დააქვეითონ და მას საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთთან და გერმანიასთან მოუწიოს თამაში, შედეგი იქნება მყისიერი. ფინანსური კრახი გარანტირებული იქნება". 

ბრაუნმა ექვსი ერი NFL-სა და NBA-ს შეადარა, რომლებიც ასევე დახურული ლიგებია, სადაც ასევე არ არსებობს გავარდნა. ბრაუნი ამბობს, რომ იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო. სინამდვილეში ეს ორჯერ მოხდა - 2003 წელს ასტიში 31:22, ხოლო 2018 წელს ფლორენციაში - 28:17. 

კომენტარები

ბოლო ამბები