Thumbnail
  • მინეაპოლისში, პოლიციელებს დაკავებული 46 წლის მამაკაცი შემოაკვდათ
  • აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია
  • ლებრონის, სტეფ კარის და რუდი გობერის პროტესტი რასიზმსა და ძალადობას   

მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში სერიოზული რეზონანსი, სხვასთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებშიც გამოიწვია.

ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში, პროდუქტების მაღაზიის სიახლოვეს მაშინ დააკავა, როდესაც ის, სავარაუდოდ, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებას ცდილობდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს.

"ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. ყველაფერი მტკივა, წყალი მჭირდება, გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ", - მიმართავდა დაკავებული პოლიციელს, რომელსაც ძალადობის შეწყვეტისკენ გამვლელებიც ამაოდ მოუწოდებდნენ. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰენეპინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ ფაქტმა ამერიკაში დიდი ვნებათაღელვა მაინც გამოიწვია. მინეაპოლისის ქუჩებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი უწესრიგობები, დარბევები და მსხვერპლიც კი მოჰყვა.

ამერიკელები დამნაშავე  პოლიციელების სამაგალითოდ დასჯას მოითხოვენ

NBA-ს ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა გაიხსენა 2016 წლის ფაქტი, როდესაც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი, ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს, ქვეყანაში არსებული რასობრივი უთანასწორობისადმი პროტესტის ნიშნად, ფეხზე არ წამოდგა.

"ახლა ხვდებით, თუ ჯერ კიდევ გაუგებარია?", - დაწერა ჯეიმსმა სოციალურ ქსელში, სადაც ცალ მუხლზე მდგარი კაპერნიკის ფოტოს, ფლოიდზე მოძალადე პოლიციელის კადრი დაურთო.

ლოს ანჯელესის კალათბურთელის პოსტი თავის ინსაგრამზე უმალ გადააზიარა ფორმულა 1-ის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა, თავად კოლინ კაპერნიკმა კი დაწერა:

"როდესაც ცივილურობას სიკვდილთან მივყავართ, აჯანყება - ერთადერთი ბუნებრივი რეაქციაა. გამოვლენ მშვიდობის მოწოდებით, მაგრამ მას არ შეისმენენ, რადგან ამ წინააღმდეგობის მიზეზი თქვენი ძალადობაა. ჩვენ გვაქვს ბრძოლის უფლება!".

სამართალდამცველთა ქმედება NBA-ს ვარსკვლავმა სტეფ კარიმაც დაგმო, რომელმაც სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. 

"ჯორჯს დარჩა ოჯახი. ჯორჯი არ იმსახურებდა სიკვდილს. ის დახმარებას ითხოვდა, მაგრამ არ შეისმინეს, ეს კი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მის სიცოცხლეს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯორჯი მოკლეს. ჯორჯი არ იყო ადამიანი იმ პოლიციელისთვის, რომელმაც ნელა და განზრახ გამოასალმა სიცოცხლეს".

NBA-ს ყოფილმა კალათბურთელმა სტივენ ჯექსონმა ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილია, რომ სტივენ ჯექსონსა და ჯორჯ ფლოიდს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.

"ჩემო თეთრკანიანო ძმებო, მიყვარხართ. სხვადასხვა რასის წარმომადგენლებო, რომლებიც აქ იმყოფებით, მიყვარხართ. თუკი თქვენც გიყვარვართ, მაგრამ ამ ვითარებაში არ ხართ ჩემს მხარეს, თქვენი სიყვარული არაფერს ნიშნავს. ყელში ამომივიდა დიდსულოვნების გამოვლენა, ყელში ამომივიდა სიყვარულის გაცემა თითოუელი რასისთვის, როდესაც სანაცვლოდ არაფერს ვიღებ", - თქვა ჯექსონმა.

იუტა ჯაზის ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა ყურადღება არამხოლოდ მოძალადე პოლიციელზე, მის თანამშრომელზეც გაამახვილა.

"თუკი შენს კოლეგას უფლებას მისცემ ასე მოექცეს სხვა ადამიანს და არ შეეცდები მისთვის ხელის შეშლას ან გადარწმუნებას, შენც ისევე ხარ დამნაშავე, როგორც ის".

ჯორჯ ფლოიდის  მემორიალი

ლოს ანჯელეს კლიპერსის მცველმა აიზია თომასმა აღიარა, რომ არამარტო საკუთარი თავის, მისი შვილების გამოც შფოთავს. 

"მეშინია საკუთარი თავისა და ჩემი შავკანიანი შვილების გამო, როდესაც ასეთი გადარეული ადამიანები და პოლიციელები არსებობენ... უფალს ვთხოვ, არ შეემთხვეთ უსიამოვნება, რათა პოლიციელებმა არ დახოცონ ისინი".

UFC-ის ჩემპიონმა ნახევრადმძიმე წონაში ჯონ ჯონსმა აღიარა, რომ საბრძოლო ხელოვნებაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაშიც კი, არასდროს გამოუცდია მსგავსი წამება.

"ოფიცერი კისერზე ისეთი ძალით აწვებოდა, რომ ის იმ დროს ცოცხალი ექვს წუთამდე შეიძლებოდა დარჩენილიყო… როდესაც ადამიანს ხელბორკილები უკეთია და ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს, გაუშვი რა… რაღაც მომენტში ბიჭმა ტირილი დაიწყო და დედას ეძახდა. ეს თანამშრომელი საზიზღრად მოიქცა".

კომენტარები

ბოლო ამბები