Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების თარიღი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონატის ფორმატი იცვლება: ტურნირი 2 წრედ ჩატარდება
  • ფეხბურთის ფედერაციამ რესტარტის თარიღი დაასახელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება, დანარჩენს განცხადებიდან შეიტყობთ.

სფფ-ის განცხადება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.

სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გლობალური პანდემიის გამო, ეროვნული ლიგა მაშინ შეწყდა, როდესაც ორი ტური იყო გამართული. სატურნირო ცხრილს 6 ქულით თბილისის ლოკომოტივი ლიდერობს, 4-4 ქულით მეორე-მესამე ადგილებს საბურთალო და გორის დილა იყოფენ, მეოთხე პოზიციაზე კი 3 ქულით სამტრედიაა. მხოლოდ შემდეგ მოდიან 2-2 ქულით დინამო ბათუმი და დინამო თბილისი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები