Thumbnail

კონორ მაკგრეგორის მეტოქე გაირკვა - მან ბრაზილიელის გამოწვევა მიიღო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 45 წლის ანდერსონ სილვამ ირლანდიელთან ჩხუბის სურვილი თავად გამოთქვა
  • მაკგრეგორს ბოლო ორთაბრძოლის მოსაგებად მხოლოდ 40 წამი დასჭირდა

UFC-ს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავის კონორ მაკგრეგორის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. ირლანდიელი ძალებს 45 წლის ბრაზილიელ ანდერსონ სილვასთან მოსინჯავს, რომელმაც კონორი თავად გამოიწვია.

“მაკგრეგორს, როგორც დიდ სპორტსმენს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ჩვენი სუპერშერკინება შერეული ორთაბრძოლებისთვის ისტორიული მოვლენა გახდება. ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. ქომაგები ამ ჩხუბის ნახვით ნამდვილად ბედნიერები იქნებიან. მასთან ბრძოლაში ჩემი უნარების გამოცდა ნამდვილად მაინტერესებს”, - დაწერა სილვამ ინსტაგრამში და ისიც დასძინა, რომ ირლანდიელს 176 ფუნტამდე (79.8 კგ.) წონით კატეგორიაში გაეჯიბრებოდა.

ირლანდიელის პასუხმა არ დააყოვნა. კონორმა ტვიტერის გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა: “გამოწვევას ვიღებ”.

ცნობისთვის, ანდერსონ სილვას პროფესიონალურ კარიერაში 45 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და მის აქტივში 34 გამარჯვებაა, ის 10-ჯერ დამარცხდა, 1 შეხვედრის შედეგი კი ანულირებული იქნა. ბრაზილიელი მებრძოლი UFC-ს ჩემპიონის ტიტულს 2006-13 წლებში ფლობდა და ტიტულის დაცვა 10-ჯერ მოახერხა.

31 წლის ირლანდიელი შერეულ ორთაბრძოლებში 2008 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 22 მოგება (აქედან 19 ნოკაუტით) და 4 წაგებაა. ის UFC-ს ჩემპიონი მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონებში გახლდათ.

ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა სწორედ ნახევრად მსუბუქ წონაში გამართა და ამერიკელი დონალდ სერონე 40 წამში დაამარცხა. მიუხედავად ამისა, UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კონორს ქამრისთვის ბრძოლა არ მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები