Thumbnail
  • ბარსელონა ზაფხულში დიდ საკადრო ცვლილებებს გეგმავს
  • ბარსას რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სურს

კორონაკრიზისის გამო არცისე სასიამოვნო ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით უდიდესი ამბიციები: ბარსელონა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია.

კატალონიურ გრანდს დატვირთული სატრანსფერო სეზონი ელოდება - გუნდში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ბარსას ხელმძღვანელები ეცდებიან, იშოვონ ფული იმისათვის, რომ პარი სენ-ჟერმენიდან დაიბრუნონ ნეიმარი, მილანის ინტერიდან შეიძინონ ლაუტარო მარტინესი, იუვენტუსიდან კი - მირალემ პიანიჩი (იტალიური მედიის ინფორმაციით, ბარსა ამ უკანასკნელს უკვე შეუთანხმდა.

ესპანური მედია ახლა იმაზე წერს, თუ რომელი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს ბარსელონა. ‘მარკას’ ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელების მთავარი პრიორიტეტი ზაფხულში იმ მოთამაშეების საბოლოოდ თავიდან მოშორება იქნება, რომლებიც მუდმივად განათხოვრებულები არიან - ფილიპე კოუტინიოსთან (ბაიერნი) ერთად, ეს ეხება ჟან-კლერ ტოდიბოს (შალკე), კარლეს ალენიას, მუსა ვაგეს (ნიცა), რაფინიას (სელტა) და ორიოლ ბუსკეტსს (ტვენტე).

ბარსელონას ფილიპე კოუტინიო არ სჭირდება

ყველაზე დიდ შემოსავალს ბარსა კოუტინიოს ტრანსფერიდან ელოდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელზე დიდი მოთხოვნა აღარ არის. მიუნხენის ბაიერნმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვა და ბრაზილიელის ფასი კორონაკრიზისმაც მნიშვნელოვნად შეამცირა. გამორიცხული არაა, რომ ბაიერნი და ბარსელონა ძალიან დაბალ ფასზე შეთანხმდნენ - ყოველ შემთხვევაში, იჯარის გაგრძელებაც გამორიცხულია და მიუნხენური გრანდის მხრიდან იმ თანხის გადახდაც, რაც წინასწარ გაფორმებულ კონტრაქტში ეწერა. თუმცა გერმანული მედიის ინფორმაციით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ კოუტინიო მიუნხენში დარჩეს. ბაიერნის მთავარ სამიზნეებად ლეროი სანე და კაი ჰავერტცი რჩებიან.

‘მარკაში’ ვკითხულობთ, რომ კოურტინიოს მიმართ ინტერესს არსენალი და ტოტენჰემი იჩენენ, მაგრამ ბრაზილიელის შეძენა მათაც ძალიან იაფად სურთ.

‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, ბარსელონადან წასვლის მთავარი კანდიდატია არტურო ვიდალიც. ჩილელი ნახევარმცველი, შესაძლოა, ლაუტარო მარტინესის გარიგებაში ჩაერთოს - ცნობილია, რომ ინტერის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ვიდალი ძალიან უყვარს.

დიდი შანსია, რომ ბარსა პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა ნელსონ სემედუმაც დატოვოს. მის მომავალს მანჩესტერ სიტის, პსჟ-ს, ინტერს, იუვენტუსს და ბაიერნსაც უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები