Thumbnail

ეროვნული ლიგის მოულოდნელი ლიდერი - საბურთალოს მწვრთნელის პირველი შეფასება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას საბურთალო ლიდერობს.
  • 3 ტურის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 9 ქულა აქვს.
  • საბურთალომ სიონი, კოლხეთი და დილა დაამარცხა.

ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა. განვლილი 3 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს საბურთალო ლიდერობს. ბევრისთვის მოულოდნელად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სამივე მატჩი მოიგო და 9 ქულა მოაგროვა. საბურთალომ ჯერ ბოლნისის სიონი დაამარცხა (3:1), შემდეგ ფოთის კოლხეთი (4:1) და ბოლოს გორის დილა (2:0).

საბურთალოს მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ…

POPSPORT: საბურთალო ეროვნული ლიგის ლიდერია. ელოდით ასეთ სტარტს?

ჭიაბრიშვილი: რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ საწყის 3 ტურში ქულათა მაქსიმუმს მოვიპოვებდით. ჩვენი მიზანი ყოველი კონკრეტული შეხვედრის მოგებაა და საბედნიეროდ, უკვე 9 ქულა მოავაგროვეთ. გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული და მჯერა, რომ ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ. ჩვენ არ ვართ ეიფორიაში და ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ.

POPSPORT: სიონი, კოლხეთი და დილა დამაჯერებლად დაამარცხეთ. გაიხსენეთ ეს შეხვედრები... 

ჭიაბრიშვილი: პირველ ტურებში ყოველთვის რთულია საუკეთესო თამაშის ჩვენება. სიონთან ვაგებდით და ბოლო 10 წუთში მოვიპოვეთ გადამწყვეტი უპირატესობა. თუნდაც დილასთან ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელშიც 0:0-ზე გოლის გაშვებაც შეგვეძლო. სამივე მატჩი რთული იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეხვედრა ადვილად მოვიგეთ. 

სეზონის მსვლელობა გვიჩვენებს თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე ლიდერობას, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი გუნდურ თამაშს

POPSPORT: შედეგი კარგია და რამდენად კმაყოფილი ხართ თამაშის ხარისხით?

ჭიაბრიშვილი: ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა და სწორედ ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, ჯერჯერობით თამაშის ხარისხი შორსაა ოპტიმალურისგან და ჩემპიონატის სტარტზე ეს არც არის გასაკვირი. სანაკრებო პაუზა დაგვეხმარება, ხარვეზებზე ვიმუშავებთ და დროთა განმავლობაში თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება. ერთი კი ნამდვილად კარგია: მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, ჩემპიონატის პირველ 3 ტურში 9 ქულა მოვიპოვეთ. 

გიორგი ჭიაბრიშვილი

POPSPORT: გუნდი ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა დატოვა. საბურთალოს წარმატების საიდუმლო გუნდური თამაშია?

ჭიაბრიშვილი: ხარაიშვილი გუნდის კაპიტანი და ლიდერი გახლდათ, თუმცა როდესაც ის ჩვენთან იყო, მაშინაც გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობდით. საბურთალოს ძლიერი მხარე სწორედ გუნდური თამაშია და ასე იქნება მომავალშიც. სეზონის მსვლელობა გვიჩვენებს თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე ლიდერობას, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი გუნდურ და სწორ თამაშს.

POPSPORT: რა მიზანი გაქვთ დასახული მიმდინარე სეზონში?

ჭიაბრიშვილი: ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა რეალურია. ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. შემადგენლობის დაკომპლექტებისას კლუბის მესვეურებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და მე მჯერა ამ გუნდის.   

კომენტარები

ბოლო ამბები