Thumbnail

ბასილაშვილის ადვოკატი: სკანდალი იყო, აშშ-ს ღია პირველობის დირექტორიც კი ჩაერია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • “ღამის კურიერში” კონფლიქტის ახალი დეტალები გახდა ცნობილი
  • 'ნიკოლოზი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც მის თამაშებზეც აისახა'
  • 'არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, ბასილაშვილი ფიზიკურად როგორ ძალადობს'

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის გახმაურებული საქმე, რომელსაც საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელის დაკავება და მალევე მისი გირაოთი გათავისუფლება მოჰყვა, კვლავაც საყოველთაო ინტერესის სფეროში რჩება. კონფლიქტის ახალი დეტალები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “ღამის კურიერში” გახდა ცნობილი. ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და მან აშშ-ს ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც კი მოუწყო.

“2019 წელს, როდესაც ბატონი ნიკოლოზი ამერიკის ღია ჩემპიონატზე თამაშობდა, ქალბატონი ნეკა იქ კონსპირაციულად ჩავიდა და ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით, აკრედიტაცია გაიარა, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია.

მან იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ორგანიზატორები ჩარეულიყვნენ, ჩემპიონატის დირექტორიც კი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით, ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ.

ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა, ბასილაშვილი წყობილებიდან გამოეყვანა. რეალურად, ნიკოლოზი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც მის თამაშებზეც აისახა. ბასილაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმ რეიტინგის შესანარჩუნებლად, რომელიც მას ამ დროისთვის აქვს”.

თავის მხრივ, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ მათ ხელთ აქვთ ვიდეო-მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, ქართველი ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა:

“გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის. სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს, სახალხო დამცველიც და თუ დღეს ვინმეს რაღაც ეჭვი მაინც აქვს, რომ ის ადამიანი პროვოკატორია, ის ნახავს ვიდეოკადრებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად როგორ ძალადობს.

ის არა ერთხელ, არამედ სისტემატურად ძალადობდა. ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და ამას აუცილებლად გაიგებს ხალხი. ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, მე ძალიან ვიკავებ თავს, რომ იმაზე მეტი არ ვთქვა, ვიდრე შეიძლება... მაგრამ თვითმხილველი მოწმეებიდან დაწყებული, ნივთიერი მტკიცებულებებით დასრულებული, საქმეში ყველაფერი არსებობს, რაც სამწუხაროდ, ანგრევს მითს ბატონი ბასილაშვილის სიმშვიდესა და გაწონასწორებულობაზე. ეს არავის უხარია, ქალბატონი ნელი იყო პირველი და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მედიაში ამის განხილვას”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

📋 მეტი ამ თემაზე:

რას ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი, ნელი დოროყაშვილის შესახებ

🟣 “ბოლო პერიოდში, მუდმივად, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ნელი დოროყაშვილის კაპრიზები“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

Posted by Rustavi 2 on სამშაბათი, 26 მაისი, 2020
არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - ანა აბაშიძე

🟣 ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს... არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - ანა აბაშიძე ვრცლად - http://rustavi2.ge/ka/news/165700

Posted by Rustavi 2 on სამშაბათი, 26 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები