Thumbnail

'მოედნის კიდესთან მოულოდნელად დამარტყა' - ვან პერსი ვან გაალთან ინციდენტზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'გაბრაზებულმა მითხრა: ასეთი რამ აღარასდროს გააკეთო, ახლა კი, მომხდარი დაივიწყე'
  • მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება მუნდიალის 1/4-ფინალისას მოხდა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც მასსა და ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს შორის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, კოსტა-რიკასთან მეოთხედფინალური მატჩისას მოხდა.

“როდესაც თამაშის ძირითადი დრო დასრულდა, ჩვენ მოედნის კიდესთან შევიკრიბეთ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა. შემდეგ ხელი კიდევ რამდენჯერმე მომცხო და გაბრაზებულმა მითხრა: "ასეთი რამ აღარასდროს გააკეთო. ახლა, მომხდარი დაივიწყე და პენალტი აუცილებლად გაიტანე”.

ცხადია, ვან პერსის მონაყოლი მცირე განმარტებასაც მოითხოვს. აღნიშნული შეხვედრის დამატებით დროში რობინს კრუნჩხვები დაეწყო და თითქოს მას თამაში ვეღარ უნდა გაეგრძელებინა. ჰოლანდიელები შეცვლასაც ამზადებდნენ, თუმცა, ფორვარდს ისე სურდა 11-მეტრიანების სერიაში მონაწილეობის მიღება, რომ მინდვრიდან გასვლაზე უარი თქვა, ბოლო ძალები მოიკრიბა და თამაში ისე დაასრულა.

სხვათა შორის, ვან პერსიმ პენალტის გატანა მართლაც მოახერხა, ჰოლანდიელებმა კი 4:3 მოიგეს და ნახევარფინალში გააღწიეს. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ვან გაალისა და ვან პერსის ნაკრებმა მე-3 ადგილის დაკავება მოახერხა. ჰოლანდია ნახევარფინალში ასევე 11-მეტრიანების სერიაში არგენტინასთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში კი მასპინძლებს 3:0 სძლია.

ვან პერსის, რომელსაც სახელოვანი კარიერის განმავლობაში ფეინოორდის, არსენალის, მანჩესტერ იუნაიტედისა და ფენერბაჰჩეს მაისურით უთამაშია, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 102 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა 2019 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები