Thumbnail

სპორტის მინისტრი სერია A-ს განახლების თარიღზე - ადრეული თამაშები არ იქნება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სპორტის მინისტრმა დაადასტურა, რომ სერია A განახლდება
  • თარიღი 13 ან 20 ივნისია
  • ჩემპიონატი ნაციონალური ტელევიზიით გადაიცემა
  • ადრეული, ე.წ. შუადღის თამაშები სიცხის გამო აღარ იქნება

სერია A-ს განახლება კიდევ უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ პოტენციური თარიღები დაასახელა.

აქამდე სპადაფორა ჩემპიონატის განახლებას მხარს ნაკლებად უჭერდა. გუშინ მან დაადასტურა, რომ ლიგას და სამინისტროს ჩემპიონატის განახლების ორი შესაძლო თარიღი აქვს - 13 ან 20 ივნისი. პრემიერ-მინისტრ კონტეს განკარგულებით, პროფესიული სპორტი იტალიაში 14 ივნისამდეა აკრძალული, თუმცა სერია A-სთვის შესაძლოა რამდენიმედღიანი გამონაკლისი დაუშვან.

მეორე საკითხი, რომელსაც სპადაფორა შეეხო, ჩემპიონატის თამაშების ნაციონალური ტელევიზიით ჩვენება იყო. ფასიანი, ე.წ. საკაბელო ტელევიზია, რომელიც აქამდე სერია A-ს აჩვენებდა, ყველას არ აქვს. შედეგად, გულშემატკივარი ხშირად ბარებში იკრიბებოდა ფეხბურთის საყურებლად. ხელისუფლება ცდილობს, ადამიანების შეკრებას ხელი არ შეუწყოს და სურს, რომ განახლებული ჩემპიონატი ნაციონალურ ტელევიზიაზე გავიდეს, რათა ყველამ შეძლოს შინიდან ყურება.

გუშინვე მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ დაადასტურა, რომ განახლებულ ჩემპიონატში ადრეული, ე.წ. შუადღის თამაშები არ იქნება, რადგან ზაფხულის სიცხეში შუადღეს თამაში მოთამაშეების ჯანმრთელობას ხელს არ შეუწყობს.

რაც შეეხება იმ მოთამაშეების კონტრაქტებს, რომელთაც ვადა 30 ივნისს გასდით, ტომაზის თქმით, მათ კლუბებთან ე.წ. ჯენტლმენური შეთანხმება უნდა გააფორმონ და კიდევ 1 თვე დარჩნენ. იურიდიულად, კონტრაქტების განახლება ან ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები