Thumbnail

ბასილაშვილის ოჯახი: ძალადობის ფაქტი არ ყოფილა და ამას დავამტკიცებთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 'ის ცდილობს ნიკოლოზს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს'
  • ქართველი ჩოგბურთელის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ქართველი ჩოგბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემაკავებელი ორდერი გაცემულია ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ბასილაშვილი და მამამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილი განქორწინების შემდგომ ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელია. ის მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციაზეა, კარიერის პიკი კი გასული წლის მაისში ჰქონდა, როდესაც მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ნიკას ATP-ს 500-იანთა სერიის 3 ტურნირი აქვს მოგებული, 2-ჯერ ჰამბურგში და ერთხელ - პეკინში.

კომენტარები

ბოლო ამბები