Thumbnail
  • სემედუს წასვლის შესახებ თითქმის ყოველდღე იწერება
  • პეპ გვარდიოლას კაილისთვის ახალი კონკურენტი სურს

ნელსონ სემედუს შესაძლო ტრანსფერზე თითქმის ყოველდღე იწერება. პორტუგალიელი ძალიან ახლოს არის კლუბის გამოცვლასთან. სავარაუდოდ, სემედუ ბარსელონას ამ ზაფხულს დატოვებს.

26 წლის მარჯვენა განაპირა მცველს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. პორტუგალიელით მანჩესტერ სიტი დაინტერესდა. ინგლისელები მზად არიან, სემედუს ნაცვლად კატალონიურ კლუბს ნელსონის თანამემამულე ჟოაო კანსელო შესთავაზონ და ფეხბურთელები გაცვალონ.

ინგლისურმა კლუბმა ჟოაო კანსელო შარშან ტურინის იუვენტუსიდან, 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა. "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ეგონა, რომ 25 წლის მცველის დამატებით კაილ უოკერს კონკურენტს მიუყვანდა, თუმცა კანსელომ იმედები ვერ გაამართლა.

კაილ უოკერმა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული საკარანტინო პერიოდი დაარღვია და სახლი დატოვა. კლუბი მის დასჯას აპირებს, თუმცა დიდი ალბათობით, მას არ გაყიდიან და გუნდში დატოვებენ. პეპ გვარდიოლას აქვს იმედი, რომ სემედუს მოსვლის შემდეგ, კაილს მომავალ წელს ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

სიტის ხელმძღვამელობა ფიქრობს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ბარსელონა ამ შეთავაზებაზე წამოვა. ეკონომიკური პრობლემები აქვს მანჩესტერულ გუნდსაც. გარდა ამისა, მას ჩემპიონთა ლიგაზე (ზოგადად ევროტურნირებზე) 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება და ამის გამო მანჩესტერელები სატრანსფერო გეგმებს სიფრთხილით ეკიდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები