Thumbnail

'საქმე სერიოზულადაა' - ნიუ იორკის ლეგენდას კორონავირუსი დაუდგინდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პატრიკ იუინგის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ის კარანტინში იმყოფება
  • ნიქსის სახელოვან ცენტრს 'ყველა ვარსკვლავთა მატჩში' 11-ჯერ უთამაშია

ნიუ იორკ ნიქსის ლეგენდარული კალათბურთელი პატრიკ იუინგი კორონავირუსით დაავადდა და კარანტინში იმყოფება. 57 წლის იუინგმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“მინდა გაცნობოთ, რომ COVID 19-ზე ჩემმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ეს სერიოზული ვირუსია და ამ ყველაფერთან თამაში არ შეიძლება. ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, დაიცავით რეგულაციები და მოუარეთ ახლობლებს. მინდა, ექიმებს, რომლებიც დიდ ბრძოლაში არიან ჩართულნი, მადლობა გადავუხადო. ყველაფერი კარგად იქნება, გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით”.

ამჟამად, იუინგი NCAA-ში ჯორჯთაუნის მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი, ასისტენტად ვაშინგტონში, ჰიუსტონში, ორლანდოსა და შარლოტში უმუშავია. იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში დაბადებულ ამერიკელ ცენტრი 1985 წლის დრაფტზე პირველ ნომრად ნიუ იორკმა აირჩია, სადაც 15 სეზონი გაატარა, შემდეგ კი, მცირე ხანს სიეტლსა და ორლანდოში თამაშობდა.

იუინგი 1986 წელს საუკეთესო ახალბედად აღიარეს, NBA-ს ფინალში 2-ჯერ იყო, 7-ჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ხუთეულში, ყველა ვარსკვლავთა მატჩში კი 11-ჯერ უთამაშია. ნიუ იორკს მისი 33-ნომრიანი მაისური ხმარებიდა აქვს ამოღებული. პატრიკი აშშ-ს ნაკრების მაისურით 2-გზის (1984, 1992) ოლიმპიური ჩემპიონია.

ცნობისთვის, აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით (1 645 353) პირველ ადგილზეა. იქ უკვე 97 655 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულთა რიცხვი 5 317 625-ს აღწევს, გარდაცვლილი კი 340 214 ადამიანია.

კომენტარები

ბოლო ამბები