Thumbnail

ვისი ფოტოთი წარადგინეს სტამი? MLS-ის კლუბს მაგრად დასცინეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ცინცინატის სახალისო შეცდომა მოუვიდა, რასაც გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა
  • ჰოლანდიელ მწვრთნელს დანიშვნა ცნობილი მელოტი კაცების ფოტოებით მიულოცეს

MLS-ის ბინადარმა ცინცინატიმ მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი იაპ სტამი წარადგინა, თუმცა, ეს ისე გააკეთა, რომ საყოველთაო დაცინვის ობიექტი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნული ამბისადმი მიძღვნილ პოსტზე ამერიკულმა კლუბმა არა სტამის, არამედ ტინუს ვან ტონენბრუკის ფოტო დადო. ამ უკანასკნელს სტამთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ისიც ჰოლანდიელია და ამჟამად, ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს.

ამ შეცდომას მალე მოჰყვა ირონიული გამოხმაურებები და სოციალური ქსელიც შესაბამისი პოსტებით გადაივსო. აქტიურობდნენ MLS-ის სხვა კლუბები, რომლებმაც ლამის ყველა ცნობილი მელოტი კაცის ფოტო გამოაქვეყნეს და იაპს დანიშვნას ასე ულოცავდნენ. იაღლიშს მალევე მიხვდნენ ცინცინატელები და ახალი პოსტი დადეს, საიდანაც გაირკვა, რომ იუმორის გრძნობას არც ისინი უჩივიან. უკვე რეალური სტამის ფოტოს ქვეშ ეწერა: “ახლა კი, ნამდვილად ჩვენს ახალ მწვრთნელს მიესალმეთ”.

რამდენად წარმატებული იქნება ჰოლანდიელის ამერიკული ვოიაჟი ძნელი სათქმელია, აქამდე კი, მისი სამწვრთნელო საქმიანობა გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. გიგანტმა მცველმა არცთუ უსახელო კარიერა 2007 წელს დაასრულა და პირველ ეტაპზე ზვოლესა და აიაქსის ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა, რასაც ინგლისურ რედინგში, იმავე ზვოლეს ძირითად გუნდსა და ფეინოორდში მუშაობა მოჰყვა. სტამმა როტერდამში მხოლოდ ნახევარი წელი გაატარა და აიაქსთან სამარცხვინო მარცხის (0:4) შემდეგ კარისკენ მიუთითეს. ის სახელოვანმა დიკ ადვოკატმა შეცვალა, რომელთან ერთადაც ფეინოორდმა 20 მატჩი წაუგებლად განვლო და ჰოლანდიის თასის ფინალშიც გააღწია, თუმცა, სეზონის ჩამთავრება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

ცინცინატიში სტამი თავს ეულად ნამდვილად არ იგრძნობს, რადგანაც მუშაობა არაერთ თანამემამულესთან მოუწევს. ესენი იურგენ ლოკადია, სიმ დე იონგი და მაიკელ ვან დერ ვერფი არიან. არიან სხვა ლეგიონერებიც ისეთებიც, რომელთაც ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატებშიც უთამაშიათ. MLS-ის მიმდინარე სეზონი მაშინ შეწყდა, როდესაც მხოლოდ 2 ტური იყო ჩატარებული. ცინცინატის ორივე თამაში წაგებული იყო და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები