Thumbnail
  • მოედანზე ერთდროულად მხოლოდ 10 ადამიანი უნდა იყოს
  • გუნდი სამ ნაწილად გაიყო და ჯგუფებად ვარჯიშობს

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის განახლების თარიღი უცნობია, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, დაგროვილ კითხვებს სავარაუდოდ პასუხი ახლო მომავალში გაეცემა.

პირველობის სხვა კლუბების მსგავსად ვარჯიშის პროცესი საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო ბათუმმაც განაახლა. რეგულაციების მიხედვით მოედანზე ერთდროულად ათ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს - ამიტომ, გუნდი გაიყო და ჯგუფებად ივარჯიშა.

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): “ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტი გაუცდათ და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგვეცა ჯგუფებად ვარჯიშის საშუალება და ჩვენც ეს პროცესი დავიწყეთ. შემადგენლობა იგივეა, ცვლილებები არ გვაქვს და დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. პანდემიამ ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა და სწორედ ამიტომ გაუნახევრდათ ამ ეტაპზე ფეხბურთელებს ხელფასები. კლუბის ხელმძღვანელები მუშაობენ, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. 

popsport: ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. დინამო ახალ სტადიონზე განაახლებს სეზონს?

ბალაძე: დარჩა მცირე სამუშაოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე განაახლებს ჩემპიონატს. დასანანია, რომ გარკვეული პერიოდი უმაყურებლოდ მოგვიწევს თამაში. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ და მალე დადგება ის დრო, როდესაც დინამო სავსე ტრიბუნების ფონზე ითამაშებს. 

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი): “ძალიან მიხარია, რომ ვარჯიში განვაახლეთ, თუმცა ჯერ კიდევ არის შეზღუდვები: მცირე ჯგუფებად ვვარჯიშობთ და ერთმანეთთან დისტანციას ვიცავთ, მაქსიმუმ 10 კაცი უნდა იყოს მინდორზე და შესაბამისად, 3 ჯგუფად ვართ დაყოფილი. იზოლაციის დროს, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით, მაგრამ გუნდური წვრთნები სულ სხვაა. ბუცი, ბურთი და მინდორი სხვა ემოციებს იწვევს. ორი თვე და ათი დღე მოგვიწია თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც ძალიან რთული გამოდგა. შესაბამისად, დრო იქნება საჭირო, რომ ფორმაში შევიდეთ. ზამთარში ორი შეკრება გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ წყალში ჩაიყარა. ორი თვე ვარჯიშის გარეშე ძალიან დიდი დროა და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ფორმა დავიბრუნოთ”.

ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი): “ვიცი, გულშემატკივრებს აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემიძლია ვთქვა, რომ 95%-ით მზად ვარ და შესაბამისად, შემიძლია დავუბრუნდე საწვრთნელ პროცესს. რაც შეეხება ვარჯიშებს, უჩვეულო წესებია, თუმცა ეს ისაა, რაც დღეს შეგვიძლია ვაკეთოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ და ვივარჯიშოთ ისე, როგორც ამას მწვრთნელები გვავალებენ. ადვილი არ იყო თვითიზოლაციაში ყოფნა, გუნდელებს გვენატრებოდა ერთმანეთი და ფეხბურთი. დინამო ბათუმი ერთი ოჯახია და ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ვარჯიშები განახლდა”.

ჯოვინო მერანთან შეხვედრაში დაშავდა

ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშემ ტრავმა ჩემპიონატის პირველივე ტურში, მერანთან შეხვედრაში მიიღო. თურქეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ოპერაციული ჩარევას არ სჭირდებოდა, ბრაზილიელი ლეგიონერი სავარჯიშო პროცესის განახლებას ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ შეძლებდა.

გასული სეზონი გია გეგუჩაძის გუნდმა ცხრილის მეორე საფეხურზე დაასრულა, დინამო თბილისს ბათუმელები 5 ქულით ჩამორჩნენ. მიმდინარე ჩემპიონატის წინ აჭარულმა კლუბმა სოლიდური შევსება მათე ცინცაძის, რეინალდოს, ვაგნერ გონსალვეშის, გოდფრი ობოაბონას და მეკარე იჰორ ლევჩენკოს სახით მიიღო, დინამოელთა რიგებს ახალგაზრდა ბრაზილიელი, ვინისიუს ჟუნიორიც შეუერთდა.

წლევანდელ ჩემპიონატში დინამოელებმა 2 შეხვედრის ჩატარება მოასწრეს და ორივე მათგანი ფრედ დაასრულეს. პირველ ტურში ანგისაზე მერანთან ჩატარებულ მატჩი დამთავრდა გატანილი გოლების გარეშე, მეორე ტურში კი უკვე დინამო თბილისთან ითამაშეს 1:1.

კომენტარები

ბოლო ამბები