Thumbnail

'მან გაიბრწყინა, ვისგანაც ამას ელოდნენ' - სოლობასკეტი შენგელიას რეალთან თამაშზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თორნიკე ყველა დასკვნით შეტევაში ბურთს ითხოვდა და გუნდი მოგებამდე მიიყვანა'
  • ამ სეზონში ბასკონიას საუკეთესო მატჩად მადრიდში რეალში გამარჯვება დასახელდა

ესპანურმა Solobasket-მა ლიგა ენდესასს მიმდინარე სეზონში ბასკონიას საუკეთესო მატჩი დაასახელა და ასეთად ბასკური გუნდის რეალთან მოგება მიიჩნია, რომლის გმირიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახდა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“იმ მატჩში ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა და არავის გაჰკვირვებია, რომ თამაშის სადავეები თავის ხელში თორნიკემ შენგელიამ აიღო. ქართველი კალათბურთელი ამას ბასკონიაში გამოჩენის დღიდან აკეთებს და რეალთანაც გაიბრწყინა. ყველა დასკვნით შეტევაში ბურთს ითხოვდა და გუნდი მოგებამდე მიიყვანა. ერთ რამედ ღირდა მისი შეტევა საყაიმო ანგარიშზე, როდესაც ვალტერ ტავარესი უსაქმოდ დატოვა და ბურთი ფარში ჩატენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს, გარდამტეხი მომენტი გახლდათ”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, 19 იანვარს შედგა და მაშინ ბასკონიელებმა მადრიდულ WiZInk Center-ში 95:94 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ იმ მატჩში შენგელიამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის უშვიათესი ფაქტია, მითუმეტეს, ისეთ ძლიერ ჩემპიონატში, როგორიც ესპანური ლიგა ენდესაა. იქ ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის 15 ივნისს მოხდა, როდესაც ვალენსია და ბარსელონა ნახევარფინალური სერიის მე-5 მატჩს ატარებდნენ. მაშინ კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელინიო უერტასმა შეუცვლელად ითამაშა და შენგელიას მსგავსად, გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო.

თორნიკე შენგელიამ მადრიდულ მატჩში 40 წუთი ითამაშა

რეალთან მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ტაბლოზე ფრე (91:91) იყო დაფიქსირებული, როდესაც თოკომ ფარქვეშ შეჭრა მოახერხა და ლამაზი სლემ-დანქი განახორციელა, საპასუხო შეტევაში არგენტინელმა ფაკუნდო კამპაცომ ვერ ივარგა, მადრიდელები ქართველზე დაჯარიმდენ და მან 2-ვე ტყორცნა გამოიყენა – 91:95. საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, რეალის ვარსკვლავმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ 1 პერსონალური ფოლი მოჰყვა. ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს ასცდა და ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოო ჯამში, შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაფარება წაამატა. ჩვენებურმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სხვათა შორის, მაშინ, სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თბილისის ვითას ყოფილი მოთამაშე პიერია ჰენრი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა კი 9 ქულა მიითვალა.

დასასრულ ვთქვათ, რომ ლიგა ენდესას გასულ 23 ტურში შენგელიას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 33.0 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა (4.5 დაცვაში), 2.7 პასი, 0.3 დაფარება, 1.4 ჩაჭრა.

კომენტარები

ბოლო ამბები