Thumbnail
  • ფრანგების ჩამონათვალში თეთრაშვილი, ნარიაშვილი და ზირაქაშვილიც არიან
  • გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ქართველ გულშემატკივრებსაც შეუძლიათ

ფრანგულმა ვებ-გვერდმა Dicodusport.fr TOP 14-ის ნაადრევად დასრულებული სეზონის საუკეთესო თხუთმეტეულის გამოვლენა დაიწყო და ამისთვის გულშემატკივრებს მიმართა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე შეწყდა, იმ ნომინანტებს შორის კი, საიდანაც ქომაგებმა საუკეთესოები უნდა შეარჩიონ, 3 ქართველი მორაგბეა.

გასაკვირი არაა, რომ ჩამონათვალში მყოფი სამივე ქართველი ლეგიონერი პირველხაზელია. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე საუკეთესო ტიტულისთვის მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) და გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) იბრძვიან, მარჯვენა ბურჯებში კი, სიაში კლერმონის ლეგენდა დავით ზირაქაშვილია, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

ამ დროისთვის, ნარიაშვილს ხმების 2% აქვს მიღებული, თეთრაშვილს – 1%, მარცხენა ბურჯებში პირველ ადგილზე კი 26%-ით ტულუზას ფორვარდი კლემენ კასტეტსია. მარჯვენა ბურჯებში 22%-ით საფრანგეთის ნაკრების წევრი მონპელიელი მოჰამედ აუასი ლიდერობს, ხოლო ზირაქაშვილის აქტივში 11%-ია და ის მე-4 ადგილზეა.

36 წლის ზირაქაშვილმა TOP 14-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩის (589 წუთი) ჩატარება მოასწრო, 29 წლის ნარიაშვილმა 8 მატჩი (448 წუთი) ითამაშა, 26 წლის თეთრაშვილმა კი – 14 (684 წუთი). რაგბის ქართველ გულშემატკივრებს თანამემამულეებისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები