Thumbnail

რუსულმა სპორტულმა საიტმა sports.ru-მ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა შოთა არველაძესთან. ტაშკენტის ფახთაქორის ქართველი მწვრთნელი ბევრ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის 2008 წლის ომს და დიკ ადვოკაატის შეთავაზებას, როდესაც მას რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შეეძლო. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ...

პირველად როდის იფიქრეთ, რომ მწვრთნელობა გინდოდათ?

არველაძე: ბავშვობიდნ ყველაზე აქტიური ვიყავი მოედანზე, ვეკამათებოდი მწვრთნელებს და ვუყვიროდი გუნდელებს. მოკლედ, თავი სხვებზე ჭკვიანი მეგონა. 30 წლის შემდეგ, უკვე სერიოზულად დავფიქრდი მწვრთნელობაზე. სანამ ალკმაარში ვითამაშებდი, შესანიშნავი მწვრთნელები მყავდა, მაგრამ ლუი ვან გაალი სხვა განზომილება იყო. იოჰან კრუიფის მსგავსად, ლუიც ფილოსოფიურად უდგებოდა ფეხბურთს და ისეთი კითხვებს სვამდა, რაც სხვა მწვრთნელებს აზრდაც არ მოსვლიათ. ცდილობდა, ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები გამოევლინა.

მაინც რომელი კითხვა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

არველაძე: მაგალითად, ერთხელ მკითხა, თუ რომელი ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ვურტყამ ბურთს თავს უკეთესად. ასევე დაინტერესდა, თამაშის დროს რომელ ფეხს ვიყენებ უფრო ხშირად საყრდენად. ამ თემებზე არც კი მქონდა ნაფიქრი. ამ ინფორმაციებს ანალიზს უკეთებდა და თამაშის დროს შესაბამის დავალებებს გვაძლევდა. როდესაც ვან გაალის თანაშემწედ ვიმუშავე, უფრო კარგად გავერკვიე მის ხედვაში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

კიდევ რით დაგამახსოვრათ თავი ვან გაალმა?

არველაძე: ხშირად, როდესაც გვეგონა, რიმ კარგად ვთამაშობდით, უკმაყოფილო იყო და როდესაც ვფიქრობდით, რომ თამაში არ გამოგვდიოდა, გვაქებდა. შესვენების დროს, ვან გაალი მშვიდად გვიხსნიდა, რა უნდა შეგვეცვალა და რა უნდა გვეკეთებინა მოედანზე. სხვა მწვრთნელები ძირითადად ემოციური სიტყვებით გამოდიოდნენ, ან გვიყვიროდნენ, რომ უსაქმურები ვართ და ამდენ ხელფასს არ უნდა ვიღებდეთ. ვან გაალი ყველასგან გამორჩეული იყო.

'თუ ოდესმე ბარსელონას, ან მადრიდის რეალის მწვრთნელი ვიქნები, ისეთივე მოტივაციით ვიმუშავებ, როგორც ამას ფახთაქორში ვაკეთებ'

ტრაბზონსპორში ლეგენდა ხართ. როგორი იყო ამ გუნდში დაბრუნება მწვრთნელის ამპლუაში?

არველაძე: მე, ჩემი ძმა არჩილი და ჩემი ოჯახი ტრაბზონში ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდით, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც ტრაბზონი ჩავიბარე, კლუბს ფინანსური პრობლემები და სახელფასო დავალიანება ჰქონდა. ამ ფონზე არ გამოვიდა დადებითი შედეგის ჩვენება. საბედნიეროდ, როდესაც ქალაქს ვტოვებდი, აეროპორტში გულშემატკივრები მოვიდნენ და დიდი სიყვარულით გამაცილეს. ბევრმა ბოდიშიც მომიხადა, რომ იმ მძიმე პერიოდში გუნდი ისე ვერ გაამხნევეს, როგორც ეს საჭირო იყო.

ტაშკენტის ფახთაქორის მწვრთნელი ხართ და არ ფიქრობთ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია?

არველაძე: უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც მოტივაციას დაკარგავ. თუ მწვრთნელს მუშაობა უნდა და ენთუზიაზმი ამოძრავებს, ეს უკვე კარგია. მთავარია, ისწავლო და მუდმივად პროგრესირებდე. ასე ვთამაშობდი და ასეთი ვარ მწვრთნელის რანგშიც. თუ ოდესმე ბარსელონას, ან მადრიდის რეალის მწვრთნელი ვიქნები, ისეთივე მოტივაციით ვიმუშავებ, როგორც ამას ფახთაქორში ვაკეთებ.

რა მიზნები აქვს ფახთაქორს?

არველაძე: გვინდა, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ და შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვინდა, უზბეკი ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში გავყიდოთ. ამის მიღწევა შეუძლებელია მყარი ფუნდამენტის გარეშე. ჩემთან ერთად კლუბში მუშაობენ ქართველი, უზბეკი, ჰოლანდიელი და თურქი მწვრთნელები და ჩვენ ერთად ვქმნით კლუბის ფილოსოფიას, რომელმაც ამ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს.

ფახთაქორთან ერთად უზბეკეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებიც მოიგეთ და ვერცხლის მედლებიც. ბოლოს ჩემპიონიც გახდით და მთავარ კონკურენტს 20 ქულით გაასწარით. რატომ არ წახვედით პიკზე?

არველაძე: დიდ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად, ყველა მოგებული მატჩი თუ ტიტული ისტორიის საკუთრება ხდება. მართალია, უზბეკეთში ყველაფერი მოვიგეთ, მაგრამ კლუბის ფუნდამენტი ფორმირების პროცესშია: შენდება ახალი სტადიონი, ბაზა, კეთდება აკადემია და იხარჯება დიდი ფული. 

ერთხელ თქვით, რომ უზბეკმა ფეხბურთელებმა ოცნება არ იციან...

არველაძე: თუ ქართველ ბავშვს გააჩერებთ და შეეკითხებით, რომელ გუნდში სურს ფეხბურთის თამაში, აუცილებლად ევროპულ გრანდს აირჩევს. დაუსვით იგივე კითხვა უზბეკ ბავშვს და ის არაბულ, ან რომელიმე აზიურ კლუბზე შეაჩერებს არჩევანს. უზბეკეთში 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არც ერთი ლეგიონერი ევროპაში. თუ არ ოცნებობ, ვერც ითამაშებ. არადა, ბოლო პერიოდში უზბეკეთში ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და მათ ნამდვილად შეუძლიათ ევროპაში თავის დამკვიდრება.

რა არის თქვენი ოცნება სამწვრთნელო კარიერაში?

არველაძე: როგორც ფეხბურთელმა, ოცნებები ავისრულე: ვითამაშე თბილისის დინამოში, საქართველოს ნაკრებში, ევროპულ გუნდებში, ბევრი გოლი გავიტანე და რეკორდებიც დავამყარე, მაგრამ როგორც მწვრთნელს, ოცნება ჯერ არ მომიფიქრებია. ახლა მაქვს ამის დრო და ვფიქრობ.

2010 წელს დიკ ადვოკატი რუსეთის ნაკრებში ასისტენტის როლს გთავაზობდათ. მაშინ უპასუხეთ: “ჯერ არ შემიძლია – ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს ძალიან ბევრი ტკივილი მიანიჭეს”. ახლაც იგივე აზრზე ხართ?

არველაძე: დიახ, რადგანაც, ჯერჯერობით, ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები – ბათუმში. მახსოვს, როგორ შემეშინდა. ასეთი რამ არასდროს გავიწყდება. კლუბში მუშაობა ერთია და ნაკრებში – სრულიად სხვა. არ მინდა რუსეთის კულტურისა და ქვეყნის მიმართ გრძნობებში პოლიტიკა გავურიო, თუმცა, სხვა შემთხვევაში, სწორი არჩევანის გაკეთება გაჭირდებოდა. რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ ჩამოვედი. თქვენ საქართველოში ვიზა არ გჭირდებათ, ჩვენ კი – რუსეთში გვჭირდება. საჭირო იყო მთელი რიგი დოკუმენტების შეგროვება, საელჩოებში მერბინა, ეს კი, ბევრ დროს წაიღებდა.

'საბოლოოდ, ასე ჯობდა, რადგან ნაკრები ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა, ბევრი მატჩი მოიგო და იმედია, გაიყვანს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე' 

რუსეთიდან ბევრი შეთავაზება გქონდათ?

არველაძე: ერთხელ შევხვდი კრასნოდარის ხელმძღვანელებს. რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ და სხვა მწვრთნელზე შეაჩერეს არჩევანი. შემოთავაზება მქონდა კუბანიდან და რუბინიდან, თუმცა მაშინ თურქეთში ვმუშაობდი და პირდაპირ ვთქვი უარი.

საქართველოს ნაკრებიდან თუ გქონდათ მიწვევა?

არველაძე: პირველად მაშინ შემომთავაზეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა, როცა კარიერა ახალი დამთავრებული მქონდა. სამწვრთნელო გამოცდილების გარეშე ვიყავი და თან, ნაკრებში ჯერ კიდევ ჩემი გუნდელები თამაშობდნენ. მაშინ ვან გაალის თანაშემწედ მუშაობის შანსი გამიჩნდა და ჩემი პრიორიტეტი გამოცდილების მიღება იყო. მეორედ ნაკრების მწვრთნელობა მაშინ შემომთავაზეს, როდესაც ფედერაცია კახა ცხადაძეს ვერ შეუთანხმდა და მას წასვლა მოუწია. ჩავთვალე, რომ არ იქნებოდა კარგი, ასეთ დროს გამეწვრთნა ნაკრები. საბოლოოდ, ასე ჯობდა, რადგან ნაკრები ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა, ბევრი მატჩი მოიგო და იმედია, გაიყვანს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. 

ერთხელ თქვით, რომ უფრო ადვილია, იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, ვიდრე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი...

არველაძე: დიახ, ნამდვილად ასეა. ეკონომიკაზე და რეფორმებზე ყველა არ დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, ფეხბურთში კი ყველა ქართველი შენზე უკეთესად ერკვევა. მწვრთნელის საქმე რთულია: მოთამაშე გოლს ვერ იტანს და დამნაშავე მწვრთნელია, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ზის.

პოლიტიკური ამბიციები თუ გაქვთ?

არველაძე: პოლიტიკური არა, მაგრამ მაქვს ამბიციები, როგორც საქართველოს მოქალაქეს: ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კანონია უზენაესი და სადაც ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, არ იპარავენ, არ კლავენ და სადაც ტურისტები სიამოვნებით ჩადიან. მინდა, საქართველოს კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. მინდა, ასეთი ქვეყანა არა მარტო ჩვენმა შვილიშვილებმა, არამედ ჩვენც ვნახოთ. რა არის ამაში რთული? საქართველოში 4 მილიონზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ქვეყანაში შეიძლება სამოთხის აშენება, მაგრამ პოლიტიკოსებს შუძლიათ ხალხს სულში ჩააფურთხონ. 

თქვენ მეგობარ კახა კალაძეს შეუძლია გააკეთოს ის, რაზეც თქვენ საუბრობთ?

არველაძე: ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული და ამბიციური პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრს მიაღწია და შეუძლია, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში. თუმცა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გაწვდება პრობლემებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. გატარდა რეფორმები, რაშიც ხელისუფლებას მთელი ქვეყანა ეხმარებოდა. შედეგად, მივიღეთ ძალიან ბევრი აშენებული ობიექტი, ყოველწლიურად 9 მილიონი ტურისტი მთელი მსოფლიოდან. დღეს, უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან. ერთად და წარმატებით მუშაობაა საჭირო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

როგორ ატარებთ დროს იზოლაციაში?

არველაძე: მალე ალბათ გავგიჟდები. ძალიან ბევრ ფილმს და სერიალს ვუყურე: ბანკის ძარცვა, სროლა, დაქორწინება, განშორება, ეს ყველაფერი ვნახე. ასევე ვკითხულობ წიგნებს. შვილთან ერთად ფეხბურთს და ჩოგბურთს ვთამაშობ. ვვარჯიშობ, რომ ფორმა შევინარჩუნო, მაგრამ მაინც რთულია წონის შენარჩუნება. სახლში ყველა გადაადგილების დროს სამზარეულოს გავლა მიწევს: ხაჭაპური, ტკბილეული, როგორ გინდა არ ჭამო? 

რეკლამებში მონაწილეობას თუ გთავაზობენ?

არველაძე: ისე ხშირად არა, როგორც ბექჰემს, მაგრამ მაქვს შემოთავაზებები. ერთხელ ჰოლანდიაში გადამიღეს, ორჯერ საქართველოში და სამჯერ თურქეთში. ხშირად ვამბობ უარს, რადგან მხოლოდ ფულის აღება ჩემთვის მიუღებელია. თუ ერთი პროდუქტის რეკლამას ვაკეთებ და შემდეგ კონკურენტი ბრენდი მთავაზობს რეკლამაში მონაწილეობას, უარს ვამბობ, რადგან ეს პრინციპის საქმეა.

View this post on Instagram

Hello Football 😀❤️ #bundesliga

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze) on

კომენტარები

ბოლო ამბები