Thumbnail

'ის ანორთოსისის სიმბოლოა' - ბერძენი ლეგიონერი თემურ ქეცბაიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩემი აზრით, ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც გამარჯვების გარდა არაფერი სურს'
  • გეორგიოს მანტატისმა ქეცბაიასთვის საბერძნეთის ჩემპიონატში მეტი დრო უნდა მიეცათო

ფამაგუსტას ანორთოსისის 23 წლის ბერძენმა ფეხბურთელმა გეორგიოს მანტატისმა კვიპროსის გასული ჩემპიონატი შეაჯამა და აღმატებით ხარისხში ისაუბრა კლუბის ქართველ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე.

“ჩემი აზრით, ის ნამდვილი ჩემპიონია, ადამიანი, რომელსაც გამარჯვების გარდა არაფერი სურს. ქეცბაია მუდმივად იმას გვეუბნება, რომ არასდროს დავნებდეთ და ყველაფერი გავიღოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. თუკი წარსულსაც თვალს გადავავლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ანორთოსისის სიმბოლოა. თემურისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და გულით მიხარია, რომ მასთან თანამშრომლობის საშუალება მომეცა. საბერძნეთში ისეა მიღებული, რომ მწვრთნელის მუშაობის შეფასებას უკვე 1-2 თვის თავზე იღებენ, რაც ჩემი აზრით, არასწორია. მწვრთნელს, როგორც ფეხბურთელს გარკვეული დრო სჭირდება, რათა პოტენციალი გამოავლინოს და საკუთარი ფილოსოფია დაამკვიდროს”.

ცნობისთვის, ქეცბაიას საბერძნეთის ჩემპიონატში მუშაობის საშუალება 2-ჯერ ჰქონდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში მალევე დაითხოვეს და მანტატისს მხედველობაში სწორედ ეს უნდა ჰქონდა. თემური 2009 წელს ოლიმპიაკოსს ავარჯიშებდა, 2016-ში კი – ათენის აეკ-ს, სადაც 1994-97 წლებში თამაშობდა კიდეც. თემურმა ანორთოსისი პირველად 2004 წელს ჩაიბარა და 5 წელი იმუშავა, 10-წლიანი პაუზის შემდეგ კი, ფამაგუსტელებს დაუბრუნდა. რაც შეეხება მანტატისს, ის ხსენებული ოლიმპიაკოსის წევრია და ანორთოსისში იჯარის წესით 18 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე დღის წინ, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა. შედეგად, ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა იცავდნენ, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, გამარჯვებულად კი ომონია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებამ ქეცბაიაზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა და როგორც კლუბის გენერალური დირექტორი იანოს კონსტანტინუ იუწყებოდა, თემური დეპრესიაშიც კი ჩავარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები