Thumbnail
  • გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას ევროპაში გააგრძელებენ
  • ეროვნული გუნდის მაისურით ისინი შვეიცარიასთან და სერბეთთან ვიხილეთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე (სიმაღლე 2.10 მ.) და გიორგი კორსანტია (სიმაღლე 2.07 მ.) კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ. საუბარია საფრანგეთის რანგით მე-3 ლიგაზე (NM1), სადაც 22 წლის ცენტრი ტურძილაძე რუეილ ატლეტიკში ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი მძიმე ფორვარდი კორსანტია - კაენ კალვადოსში.

ცნობისთვის, რუეილი B ჯგუფში თამაშობს და რეგულარული პირველობა 18 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა, რაც მე-4 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი, კაენი კი 15 გამარჯვებითა და 11 წაგებით, A ჯგუფში მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდა.

კორსანტიას ახალ თანაგუნდელთა შორის 2 ლიტველი კალათბურთელია, აფრიკიდან კი 5 ლეგიონერია. ტურძილაძეს რუეილში, ფრანგების გარდა, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბოსნიელი მოთამაშეებიც დახვდებიან, თუმცა, მათი დონე რომ მაღალი ვერ იქნება, ცხადია.

საერთოდაც, რთული სათქმელია, ეროვნული ნაკრების კალათბურთელებისთვის ევროპული ქვეყნის რანგით მე-3 ლიგაში წასვლა რამდენად გამართლებულია. ცნობისთვის, საფრანგეთში ელიტარულ დივიზიონს Jeep ELITE ProA ეწოდება და იქ მონაკო, დიჟონი, ვილერბანი, შოლე, ნანტერი, ლიმოჟი, სტრასბურგი, პო ორტეზი და სხვები თამაშობენ, შემდეგ Pro B მოდის, და მხოლოდ მერე - NM1.

ტურძილაძეს ქართული სუპერლიგის მიმდინარე სეზონში თსუ-ს მაისურით 9 მატჩში საშუალოდ 16.8 ქულა, 7.4 მოხსნა, 1.6 პასი და 1.1 დაფარება ჰქონდა, მანამდე კი, კაკტუსის რიგებში საშუალოდ 10.1 ქულას, 6.8 მოხსნას, 1.5 პასს, 1.0 ჩაჭრასა და 2.1 ბლოკ-შოტს აგროვებდა. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი, ევრობასკეტი 2021 წლის საკვალიფიკაციო მატჩებში ვიხილეთ, როდესაც საქართველომ შვეიცარიასა (96:88) და სერბეთს (94:90) მოუგო. პირველ მატჩში ტურძილაძემ მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ქულები არ ჰქონია, სერბებთან კი, 9 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

კორსანტიას თსუ-ში ბოლო 4 წელი ჰქონდა გატარებული, ბოლო სეზონში მისი საშუალო მონაგარი კი 15.1 ქულა, 11.5 მოხსნა, 2.4 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ. ქართველმა მძიმე ფორვარდმა შვეიცარიასთან მატჩში მოედანზე 7 წუთი დაჰყო და სამქულიანი ჩააგდო, სერბებთან კი 12 წუთი ითამაშა, თუმცა, ქულები არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები