Thumbnail

‘ძველი, კარგი ფეხბურთი ძალიან მალე დაბრუნდება!’ - ჩეფერინმა გეგმებზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფას პრეზიდენტმა გარდიანს ინტერვიუ მისცა
  • ალეკსანდერ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ღამეები არ სძინავს
  • სლოვენიელი ფანებს მაყურებლიანი ფეხბურთის მალე დაბრუნებას პირდება

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა, ერთი მილიონი დოლარი დადოს იმაზე, რომ ერთი წლით გადადებული ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს აუცილებლად ჩატარდება. 52 წლის სლოვენიელმა ამის შესახებ ‘გარდიანისთვის’ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

“დიახ, მე ამაზე მილიონს თამამად ჩამოვიდოდი. არ ვიცი, რატომ არ უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს. არ ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი და ეს პანდემია გაისადაც გვექნება. ჩემი აზრით, კორონავირუსი იმაზე ადრე დამარცხდება, ვიდრე ბევრს ჰგონია,” - განაცხადა ჩეფერინმა აღნიშნულ ინტერვიუში.

'არ მომწონს აპოკალიფსური ხედვა იმის შესახებ, რომ მეორე და მესამე ტალღებს უნდა ველოდოთ!'

ჩეფერინმა ‘გარდიანთან’ საუბრისას თამამად აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე კორონაკრიზისისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი: “პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძველი და კარგი ფეხბურთი ფანებთან ერთად ძალიან მალე დაბრუნდება.” - თქვა უეფას პრეზიდენტმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

სლოვენიელმა დასძინა, რომ იგი ზოგადად ოპტიმისტი ადამიანია: “ძალიან არ მომწონს აპოკალიფსური ხედვა იმის შესახებ, რომ მეორე და მესამე ტალღებს უნდა ველოდოთ. ბევრი უკვე ვირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობს იმ დროს, როცა ჯერ კიდევ პირველი ტალღაა.”

პანდემიამ მსოფლიოში ყველაფერი შეცვალა - მათ შორის უეფას მუშაობა და ჩეფერინის დღის წესრიგიც: “ძალიან ბევრი საქმეა. ორი თვის შემდეგ პირველად ვიყავი შვეიცარიაში და დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე შეხვედრები მქონდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, უამრავი პრობლემაა კალენდართან დაკავშირებით. თანაც, საქმე ეხება მილიონობით დოლარს. ამ ფულს ვკარგავთ. ღამით დაძინება უკვე ძალიან მიჭირს. მართალია, უეფას ფინანსური მდგომაროება არ არის მძიმე, ჩვენ ძალიან სახიფათო სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ვზრუნავთ გუნდებზე და ლიგებზე. აქედან გამომდინარე, საქმე მართლაც ძალიან ბევრია!”

'ფეხბურთი პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა ვერ შეცვალეს და ვერც ეს ვირუსი შეცვლის!'

კითხვაზე, რას შეცვლის კორონავირუსი ფეხბურთში საბოლოოდ, უეფას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: “არა მგონია, რომ რაიმე სამუდამოდ შეიცვალოს. როცა ეს ვირუსი დამარცხდება, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო. ფეხბურთი პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა ვერ შეცვალეს და ვერც ეს ვირუსი შეცვლის. ამბობენ, ვირუსის დამარცხების შემდეგ მსოფლიო ისევ ისეთი აღარ იქნებაო. შესაძლოა, ეს მართალია, მაგრამ უმჯობესი არ არის, ვთქვათ, რომ მსოფლიო უკეთესი გახდება? რატომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი უფრო ჭკვიანები გავხდებით და ბოლოს და ბოლოს შევიგნებთ, რამდენად ცუდად ვექცეოდით ბუნებას.”

ჩეფერინმა ასევე აღნიშნა, რომ უეფა მესამე ევროტურნირზე (Uefa Europa Conference League) უარის თქმაზე არც კი ფიქრობს: “ეს ტურნირი აუცილებლად დაიწყება! თანაც, 2021 წელს. ჩვენ მას არ გადავდებთ!” - თქვა მან.

'ფიფა ერთის მხრივ მატჩების შემცირებაზე საუბრობს და მეორე მხრივ ახალ ტურნირს აფუძნებს'

კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ეს ფეხბურთისთვის შანსია - ყველამ უნდა იფიქროს ფეხბურთის შემცირებაზე, რეორგანიზაციაზე. ჩეფერინის კომენტარი: “ვეცადე, გამეგო, რატომ ისაუბრა ფიფას პრეზიდენტმა ფეხბურთის შემცირებაზე, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ერთის მხრივ ფიფა მატჩების შემცირებაზე საუბრობს და მეორე მხრივ ახალ ტურნირს აფუძნებს, რომელსაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ერქმევა? ეს ფეხბურთს შეამცირებს? ინფანტინოსთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია.”

ჯანი ინფანტინო, ყეფას გენერალური მდივანი თეოდორე თეოდორიდისი და ალეკსანდერ ჩეფერინი

უეფას პრეზიდენტმა ფეხბურთელების ხელფასებზეც ისაუბრა: “არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ხარბები არიან. მოთამაშეების ფასებს და ხელფასებს ბაზარი არეგულირებს. არა მგონია, თქვენ, ან მე უარი ვთქვათ, როცა წელიწადში 20 მილიონ დოლარს შემოგვთავაზებენ. ო, არა, არა, მომეცით წელიწადში 200 000 დოლარი - ვინმე ასე უპასუხებს? ვნახოთ, როგორი იქნება ბაზრის რეაქცია ამ კრიზისზე. შესაძლოა, ფასებმა დაიკლოს. ზოგადად კი არ მიმაჩნია სწორი იმაზე ლაპარაკი, რომ ფეხბურთელები ხარბები არიან. მათი დამსახურებით ფეხბურთი ძალიან დიდ გადასახადებს იხდის. თვითონ მოთამაშეებიც ბევრ გადასახადს იხდიან.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები