Thumbnail

ოთხთა ფინალი სტამბოლში? ევროთასები განსხვავებული ფორმატით დასრულდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფას მნიშვნელოვანი აღმასკომის სხდომა, რომელიც ონლაინ 27 მაისს უნდა გამართულიყო და ბევრ საკლუბო და სანაკრებო საკითხზე მოეფინა ნათელი, 17 ივნისისთვის გადაიდო. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ევროპაში, ამაზე მედიაში მხოლოდ ვარაუდობენ...

Football Italia Tuttomercatoweb-ზე დაყრდნობით, იუწყება, რომ უეფა ფორმატში ცვლილებებს აპირებს. უეფა, ECA და უეფას წევრი ქვეყნები მუდმივ კონტაქტში არიან. ევროპული ფეხბურთის მამები ცდილობენ გამონახონ საშუალება, რომ ყველაფერი კორონავირუსის პანდემიის გამო, შემჭიდროვებულ კალენდარში ჩაეტიოს...

უმთავრესი ცვლილება, რომელიც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების ფორმატს შეეხოს ასეთია - უეფა განიხილავს შესაძლებლობას, რომ სტამბოლში არა მხოლოდ ფინალური მატჩი გაიმართოს, არამედ, ოთხთა ფინალი. 

მანამდე ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დასრულდეს 1/8 ფინალის ყველა მატჩი. 1/4 ფინალშიც დიდი ცვლილება იგეგმება, ორ-მატჩიანი დაპირისპირებების ნაცვლად, იქნება ერთმატჩიანი. ასე დარჩება ტურნირზე 4 კლუბი, რომელიც ოთხთა ფინალს ითამაშებს. 1/4 ფინალების დაწყება 8 აგვისტოსთვის ივარაუდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპალიგაც ანალოგიური ფორმატით დასრულდება, ოთხთა ფინალი კი პოლონურ გდანსკში გაიმართება. ევროთასების დასრულებასთან ერთად, სეზონიც დასრულდება და სექტემბერში შესვენება გამოცხადდება, ხოლო ერთა ლიგის სტარტი გადაიწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები