Thumbnail
  • დინამო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს
  • საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ მატჩებს ალბათ თებერვალში გამართავს

მაშინ, როდესაც პანდემიამ სპორტი მთელ მსოფლიოში გააჩერა, ქართველ წყალბურთელებს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჰქონდათ: დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა და პირველი თამაშიც მოგებული ჰქონდა მარსელთან, საქართველოს ნაკრებს კი წინ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი ელოდა. საკლუბო სეზონი გაუქმდა, ოლიმპიადამ კი ერთი წლით გადაიწია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პოპსპორტის კითხვებს დინამო თბილისის და საქართველოს წყალბურთის ნაკრების კაპიტანმა, ზურაბ რურუამ უპასუხა...

popsport: გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იყავით და დიდი ხანი ვერც ვარჯიშობდით. დღეს როგორი მდგომარეობაა?

რურუა: იგივე სიტუაცია, რაც ერთი თვის წინ იყო. ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ, აუზის პრობლემა კი ისევ არის. არ გვაქვს უფლება, სრულფასოვანი წვრთნები ჩავატაროთ. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება და აუზში ჩასვლას შევძლებთ. დავრბივართ, სხვადასხვა ვარჯიშებს ვაკეთებთ, მაგრამ სპორტის ჩვენი სახეობა სპეციფიკურია და აუზის გარეშე ფორმაში ყოფნა შეუძლებელია. ძალიან მალე იქნება უკვე იმის აუცილებლობა, რომ აუზზე დავბრუნდეთ.

'შეზღუდვები უკვე იხსნება და დროა, რომ სპორტიც დაბრუნდეს: გაიხსნას სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზები, აუზები და მოგვეცეს ვარჯიშის საშუალება'

popsport: ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, წყალბურთშიც გაუქმდა ან გადაიდო მატჩები. დინამო თბილისს ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე თამაში ჰქონდა დარჩენილი, ეროვნულ ნაკრებს კი წინ ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი ელოდა. კალენდართან დაკავშირებით ხომ არ არის სიახლეები?

რურუა: ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ოქტომბრიდან ახალი სეზონი დაიწყება, რომელშიც ისევ მიიღებს დინამო მონაწილეობას. რაც შეეხება ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპს: ცნობილია სავარაუდო თვე, თუ როდის შედგება მატჩები და ეს არის 2021 წლის თებერვალი. ასე რომ, დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის, ისე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. 

popsport: ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისი სპეციალური მიწვევით თამაშობდა და არ იყო იმის გარანტია, რომ გუნდი მომდევნო სეზონშიც ითამაშებდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში. გამოდის, რომ პანდემიამ ერთი კარგი საქმე გააკეთა და დინამო ისევ ითამაშებს ლიგაზე... 

რურუა: ევროპის წყალბურთის ფედერაციიდან მოვიდა წერილი, სადაც მაღალ დონეზე იყო შეფასებული როგორც დინამო თბილისის თამაში, ისე საორგანიზავიო საკითხები, რომელიც ქართულმა მხარემ ჩემპიონთა ლიგის მსვლელობისას გაწია. რა დავალებებიც იყო მოცემული, თუნდაც თამაშების გაშუქებასთან დაკავშირებით, ხუთიანზე შესრულდა. ამიტომ, დინამო თბილისმა დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზურაბ რურუა

popsport: ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში დინამოს მიზანი ერთ-ორი თამაშის მოგება და გამოცდილების მიღება იყო. მომდევნო სეზონში, უფრო მაღალი მიზნები გექნებათ?

რურუა: სიმართლე გითხრა, ჯერ გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ზუსტად არ ვიცი, გადახალისდება თუ არა გუნდის შემადგენლობა და თუნდაც, იქნება თუ არა დინამოს მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე. ამ თემებზე კონსულტაციები გაიმართება და შემდეგ უფრო გამოიკვეთება რეალობა. როდესაც სეზონი სრულდება, ეს ჩვეულებრივი პროცესია და არა მარტო ჩვენთან, მთელ ევროპაში. მაგალითად მარსელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დავამარცხეთ, ძალიან გაძლიერდა. იმედია, ზაფხულში ჩვენც გავძლიერდებით. აღსანიშნავია, რომ ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფორმატიც არ არის ზუსტად დადგენილი. შეიძლება 8-გუნდიანი ჯგუფები აღარ იყოს და რაოდენობა 6-მდე ჩამოვიდეს. ამ თემებზეც მიმდინარეობს კონსულტაციები.   

popsport: რევაზ ჩომახიძე ახსენე და შესაძლოა, დინამო თბილისში ის სხვა მწვრთნელმა ჩაანაცვლოს?

რურუა: ამ დროისთვის რევაზ ჩომახიძე გუნდის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ რა იქნება მომავალში, ეს კონსულტაციებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, კლუბში ყველა პროცესი შეჩერებულია და ლეგიონერებთანაც არ გახანგრძლივებულა კონტრაქტები. ვფიქრობ, ივლისში უკვე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ერთი შემიძლია გითხრათ, რევაზ ჩომახიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და აქ ნამდვილად არაფერი შეიცვლება.

'საქართველომ კარგად გაართვა თავი რთულ მისიას და ყველაზე მძიმე პერიოდი სწორად გავიარეთ'

popsport: ბოლოს, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ უჩვეულო პერიოდს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. როგორ გაგყავდა დრო თვითიზოლაციაში და რას ფიქრობ, დროა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

რურუა: ოჯახთან, ბავშვებთან ერთად გავატარე დიდი დრო და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ყველაზე მეტად მაკლდა მეგობრებთან ურთიერთობა და როდესაც შემსუბუქდა შეზღუდვები, ხშირად ვარ მათთან ერთად. ველოსიპედებით ვსეირნობთ, რაც ვარჯიშიც გამოდის. ვფიქრობ, საქართველომ კარგად გაართვა თავი რთულ მისიას და ყველაზე მძიმე პერიოდი სწორად გავიარეთ. ჯერ კიდევ საჭიროა სიფრთხილე და რეკომენდაციების გათვალისწინება, მაგრამ შეზღუდვები უკვე იხსნება და დროა, რომ სპორტიც დაბრუნდეს: გაიხსნას სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზები, აუზები და მოგვეცეს ვარჯიშის საშუალება.

კომენტარები

ბოლო ამბები