Thumbnail

ესპანეთის პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაციამ საკალათბურთო სეზონის განახლების თაობაზე სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი მიიღო. ლიგას ენდესას 157 მოთამაშიდან მატჩების გაგრძელებას მხარი მხოლოდ 50-მა დაუჭირა და უდავოა, რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანის დროს, ეს ამბავი გათვალისწინებული იქნება.

თოკომ და მისმა თანაგუნდელებმა ვარჯიში ხუთიოდ დღის წინ განაახლეს

საინტერესოა, რომ სეზონის განახლების წინააღმდეგი წავიდა ბასკონიას 16-ვე მოთამაშე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ასეთივე აზრი აქვს გუნდის ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიასაც. შეგახსენებთ, რომ მან და სხვა ბასკონიელებმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, ვარჯიში სულ რამდენიმე დღეა განაახლეს, თუმცა კი, სპეციალური რეგულაციების დაცვით.

მატჩების გაგრძელების წინააღმდეგ ერთსულოვნად (ასევე 16 კალათბურთელი) გამოვიდა ბარსელონაც, ევროლიგის სხვა გუნდებში კი, მცირედით სხვა ვითარება იყო. მაგალითად, მადრიდის რეალში თამაშების გაგრძელებაზე თანხმობა 16-დან ორმა განაცხადა, ხოლო ვალენსიაში - 14-დან სამმა. კარდინალურად განსხვავებული შედეგები გვაქვს იმ გუნდებში, რომლებიც გრანდების რიცხვს არ მიეკუთვნებიან. სარაგოსას ათივე კალათბურთელს მოედანზე დაბრუნება უნდა, ისევე, როგორც 11-ს 12 ანდორელიდან.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესას ხელმძღვანელობის გათვლებით, სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებული 10 ივლისამდე გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატი ჩაშლილად გამოცხადდება.

არსებული გეგმებით, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გასული 23 ტურის შედეგებით საუკეთესო 12 გუნდი განაგრძობს. ესენი ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო ბასკეტი, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუტი, რეალი, სარაგოსა, მორაბანკ ანდორა, ვალენსია, სან ბაპლო ბურგოსი და გრან კანარია არიან.

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ ადგილას ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები