Thumbnail
  • ვატო ნაცვლიშვილმა ფრანგულ დიჟონთან ერთად 3 ტიტულის მოგება შეძლო
  • ქართველმა კალათბურთელმა 2004 წლის ფინალში ბოლო მეოთხედ საოცრად ჩაატარა

ვატო ნაცვლიშვილი დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშეა. მან უცხოურ კარიერაში 7 ტიტული მოიგო: ბულგარეთის ჩემპიონატი, პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, რის შემდეგაც ფრანგულ დიჟონში ლიგის თასს, ფედერაციის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

დიჟონელებმა 2004 წელს ლიგის თასი ისტორიაში პირველად მოიგეს. გადამწყვეტ მატჩში მათ ლე მანს 62:60 სძლიეს. ფინალში დიჟონის მაისურით ორმა ქართველმა ითამაშა: ვატო ნაცვლიშვილიმა 9 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, 17 წლის ვიქტორ სანიკიძემ კი - 5 ქულა და 4 მოხსნა.

ლე მანის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კოლემ ფინალის შემდეგ დიჟონიდან ნაცვლიშვილი გამოარჩია და ეს, გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველმა კალათბურთელმა ბოლო მეოთხედში ორი უმნიშვნელოვანესი 2-ქულიანი ჩააგდო და დიჟონი თამაშში დააბრუნა. ნაცვლიშვილმა 2004 წლის ფინალის ამბები პოპსპორტთან გაიხსენა.

ვატო ნაცვლიშვილი: სასიამოვნო მოგონებაა. ლე მანთან ბოლო მეოთხედი ძალიან კარგად ჩავატარე, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. 10 ქულას ვაგებდით, თუმცა, ჩამორჩენა გავაბათილეთ, თამაშის ბოლო 6 ქულიდან 4 კი მე ჩავაგდე. ფინალი მარტში იყო. ერთი თვით ადრე დედა გარდამეცვალა და გამარჯვებაც მას მივუძღვენი. იმ მატჩის მოგება პირადად ჩემთან ასოცირდება. წლეულს, ეს ფინალი საფრანგეთშიც გაიხსენეს, რადგანაც 16 წლის შემდეგ დიჟონმა ამ თასის მოგება კიდევ ერთხელ შესძლო. ამჯერად, გუნდმა ფინალში ლიონს სძლია - 77:69. მაშინ დიჟონში ვიქტორ სანიკიძეც თამაშობდა და ფინალშიც ითამაშა. მისთვის საზღვარგარეთ პირველი სეზონი იყო.

კიდევ ერთი ფინალი, რომელსაც გამოვარჩევდი, 2004 წელს ევროთასის ეგიდით შედგა. სამწუხაროდ, მაშინ გერმანულ მიტელდოიჩერთან დავმარცხდით, სადაც მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა. მე კარგად ვითამაშე, მაგრამ გუნდმა წააგო, არადა, სჯობდა, პირიქით მომხდარიყო. მაშინ ევროთასზე ქართული ფინალი შედგა და კარგია, რომ მანუჩარმა მაინც აიღო თასი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები