Thumbnail
  • 'ჩემთვის საუკეთესო სან ანტონიოა, ევროპელი ახალგაზრდებისთვის კარგი ვარიანტია'
  • 'ევრობასკეტზე თამაში ჩემი ოცნებაა, იმედი მაქვს, ამ მხრივ პრობლემა არ შემექმნება'
  • სანდრო მამუკელაშვილს დრაფტისწინა ინტერვიუები 15-ზე მეტმა გუნდმა დაუნიშნა

სეტონ ჰოლის 20 წლის ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ლოგიკურიც იყო, რომ NBA-ს მომავალ დრაფტზე წინასწარ კანდიდატად დარეგისტრირდა. სანდროს დრაფტისწინა ინტერვიუები 15-ზე მეტმა გუნდმა დაუნიშნა და როგორც თავად აღნიშნავს, მისდამი NBA-ს კლუბების მიერ გამოჩენილი ინტერესით გაოცებულიც კია. ქართველ ლეგიონერს ჯერაც აქვს შანსი დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნას და სტუდენტურ ლიგაში დარჩენილი ერთი სეზონი კლასის ასამაღლებლად გამოიყენოს. მამუკელაშვილის კიდევ ერთი ოცნება ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია და იმედი აქვს, წარმატებას ამ მხრივაც მიაღწევს. ამ საინტერესო თემებზე სანდრომ ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდს მისცა.  

გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ. გუნდის ლიდერი მაილს პაუელი იყო, თუმცა, შენი როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ.

გასული სეზონით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "მარტის სიგიჟე" და ბიგ ისთის კონფერენციის ფინალური ტურნირიც გვეთამაშა, მაგრამ ცნობილი მიზეზის გამო, სამწუხაროდ, მატჩები შეწყდა. კონფერენციის მოგება გვინდოდა და მიზნის მისაღწევად ყველა 100%-ით იხარჯებოდა როგორც ვარჯიშებზე, ისე – თამაშებზე. ეს კარგად გამოჩნდა სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ტრავმის გამო გუნდის მთავარი ლიდერი მაილს პაუელი გამოგვაკლდა და მეც ხელი მქონდა მოტეხილი, მაგრამ იმ დროს ეროვნულ რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი მერილენდი დავამარცხეთ.

წარმატებული სეზონიდან გამომდინარე, NBA-ს დრაფტზე დადგომა გადაწყვიტე.

ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ დრაფტზე დადგომის შემთხვევაში, NBA-ში მოხვედრის კარგი შანსი მექნებოდა. ამის შემდეგ ველაპარაკე ოჯახის წევრებს – ძმას, დეიდაჩემს და არაერთ ახლობელს, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ დრაფტზე დადგომა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ ყველაფრის და იმის გათვალისწინებით, რომ NBA-ში თამაში ჩემი ოცნებაა, გადავწყვიტე, მომავალ დრაფტზე წინასწარ კანდიდატად დავრეგისტრირებულიყავი.

სეტონ ჰოლის უნივერსიტეტში ბოლოსწინა კურსზე ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ NCAA-ში თამაში კიდევ 1 სეზონი შეგიძლია. ხომ არ ჯობს, სტუდენტურ ლიგაში დარჩე და მომავალი სეზონი თამაშის უფრო გასაუმჯობესებლად გამოიყენო?

მართალია, კიდევ 1 წელი დამრჩა NCAA-ში, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ არ მიფიქრია. თუ ასე მოხდა, ესეც გამიხარდება, რადგან დიპლომს მივიღებ, ეს კი, ჩემს ოჯახს ძალიან უნდა. სულ მეუბნებიან, რომ კალათბურთის თამაშს როდესაც მოვრჩები, დიპლომი უნდა მქონდეს. ასევე მექნება შანსი კარლ მელოუნის სახელობის პრიზი მოვიგო, რომელსაც სეზონის საუკეთესო ოთხ ნომერს (მძიმე ფორვარდს) აძლევენ და ეს, ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, რაც აქამდე მქონია. ასევე მსურს ჩვენი კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში შევიდე და რა თქმა უნდა, “მარტის სიგიჟის” მონაწილე გავხდე. ამ ყველაფრისთვის იმ შემთხვევაში ვიბრძოლებ, თუ უნივერსიტეტში დავრჩები, თუმცა, ეს, ჯერ არ გადამიწყვეტია.

სეტონ ჰოლისთვის გასული სეზონი ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. იყო პერიოდი, როცა საერთო რეიტინგში მე-7 ადგილზეც კი იმყოფებოდით. გუნდმა ამ შედეგს რის ხარჯზე მიაღწია?

როგორც ვთქვი, სეზონის წინ მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, მოგვეგო ბიგ ისთის კონფერენცია და ამისთვის თოთოეული მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებდა. მთავარი იყო საბოლოოდ ვყოფილიყავით პირველები და ამიტომაც დარბაზიდან თითქმის არ გამოვდიოდით, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, ერთმანეთს ხელს ვუწყობდით. ამიტომაც გვქონდა კარგი შედეგი.

ბოლოსკენ უშუალო კონკურენტებთან – ვილანოვასთან და კრეიტონთან მატჩები წააგეთ. საბოლოოდ, სამივეს თანაბარი ქულები მოგიგროვდათ, თუმცა რეგულარული პირველობის ჩემპიონის თასი მაინც მიიღეთ.

სამწუხაროდ, ტიტულის გაყოფა 2 გუნდთან მოგვიხდა, მაგრამ სამივემ მივიღეთ რეგულარულის ჩემპიონის თასი და ბეჭდებსაც ველოდებით. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან, ჩვენი კონფერენცია მთელს NCAA-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასეთ კომპანიაში მყოფი სეტონ ჰოლი, რამდენიმე ტურს თუ არ ჩავთვლით, თითქმის სულ პირველ ადგილზე იმყოფებოდა, რაც უდიდესი მიღწევაა.

'მწვრთნელმა მითხრა, რომ დრაფტზე დადგომის შემთხვევაში, NBA-ში მოხვედრის კარგი შანსი მექნებოდა'

სტუდენტური ლიგა პლეი ოფის სტარტამდე წინა დღეს შეწყდა. როგორ ფიქრობ, რამდენად გქონდათ იმის შანსი, რომ კონფერენციის პლეი ოფი ანუ ჩემპიონობაც მოგეგოთ?

უკვე ნიუ იორკში გახლდით და "მედისონ სკვერ გარდენში" რამდენიმე ვარჯიშიც ჩავატარეთ, თუმცა ვიცოდით, რომ ეპიდემიის გამო ყველანაირ სცენარს ელოდნენ. არადა, ჩვენ ძალიან მონდომებულები ვიყავით. სეტონ ჰოლის უნივერსიტეტს ასეთი მოტივირებული გუნდი, ალბათ, არასდროს ჰყოლია. ყველა კალათბურთელმა იცოდა თავისი როლი და ამიტომაც დიდი იმედი გვქონდა, რომ კონფერენციასაც მოვიგებდით.

რომელ გუნდებს თვლიდი მთავარ კონკურენტებად?

ბიგ ისთის კონფერენციაში არაერთი ძლიერი გუნდია, მაგრამ უპირველესად ვილანოვას გამოვარჩევდი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია. მათ არა მხოლოდ კარგი მოთამაშეები ჰყავთ, არამედ - საუკეთესო მწვრთნელიც. ჯეი რაითს არაერთხელ უმარჯვია NCAA-ში, ვილანოვამ კი, მისი ხელმძღვანელობით ნიუ იორკში გამართული კონფერენციის პლეი-ოფი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. ასევე გამოვარჩევდი კრეიტონს, სადაც მომავალ სეზონში რატი ანდრონიკაშვილი ითამაშებს. ეს გუნდი გასულ სეზონში ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობდა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო.

სეტონ ჰოლმა იმდენად მაღალ (17) პოზიციაზე დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი, რომ მარტის სიგიჟეში ადგილი გარანტირებული ჰქონდა. საინტერესოა, რა შანსები გექნებოდათ სრულიად სტუდენტური ლიგის საუკეთესო 64 გუნდის შერკინებაში?

ხსენებული რეიტინგის გათვალისწინებით პირველად, სეტონ ჰოლის ისტორიაში, რეგიონის ბადეში პირველ ან მეორე ნომრად ვიქნებოდით განთესილები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, შუადასავლეთის რეგიონში მეტოქეებად გვეყოლებოდა არა - წამყვანი, არამედ "მარტის სიგიჟეში" ძლივს გასული გუნდები. შესაბამისად, ძალიან იოლი იყო, საწყისი 2 რაუნდი (1/32, 1/16) გადაგველახა და მოვხვედრილიყავით Sweet 16-ში. ეს იქნებოდა მინიმუმი, თუმცა ისევ და ისევ ჩვენი გუნდის შემართებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ ოთხთა ფინალში გასვლაც შეგვეძლო.

სეზონის შეწყვეტის შემდეგ როგორ გაგრძელდა სეტონ ჰოლის ცხოვრება? სად ვარჯიშობდი და ახლა როგორ ფორმაში ხარ?

სეზონი რომ შეწყდა, უმეტესობას სახლში დაბრუნება მოუწია. რადგან მე თბილისში ვერ წამოვედი უნივერსიტეტის სტუდქალაქში დავრჩი და მწვრთნელთან ერთად ყოველდღიურად, ინტენსიურად ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, სტუდქალაქიც მალე დახურეს და პენსილვანიაში ჩემს მეგობართან გადმოსვლა მომიწია. ახლაც აქ ვარ. სავარჯიშო პირობები საკმაოდ კარგია. უფრო მეტ დროს ვუთმობ ფიზიკურ დატვირთვას, დარბაზში კი ინდივიდუალურად – სროლებსა და დრიბლინგზე ვვარჯიშობ. პარალელურად NBA-ს კლუბებთან ყოველდღიურად დრაფტისწინა ინტერვიუები მაქვს.

დრაფტის წინ ვარჯიშებია მთავარი, მაგრამ კორონავირუსის გამო, ამჯერად, ეს ვერ ხერხდება და ყველაფერი ინტერვიუებზეა დამოკიდებული. რამდენად დიდია შენით დაინტერესება და რამდენ კლუბთან გაქვს გასაუბრება დაგეგმილი?

სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, დაინტერესება ასე დიდი თუ იქნებოდა. NBA-ში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ამდენად, ძალიან გახარებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის, აღვწერო, თუ რას ვგრძნობ ახლა. შანსი მომეცა, ინტერვიუებზე საკუთარი თავი სკაუტებისა და მენეჯერების წინაშე საუკეთესო კუთხით წარვადგინო. უკვე 9 გუნდთან  მქონდა ინტერვიუ და კიდევ 7 თუ 8 დამრჩა. შემდეგი ინტერვიუ ინდიანა პეისერსთან მაქვს.

'საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან საამაყოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც'

თუ არის ისეთი გუნდი, რომელიც დრაფტზე აყვანას გპირდება?

არიან გუნდები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან, მაგრამ დაპირებებისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა, რადგან დიდი შანსია, დრაფტი აგვისტოსთვის ან სექტემბრისთვის გადაიდოს. მოგეხსენებათ, 3 ივნისი იყო დათქმული საიმისოდ, რომ დრაფტის წინასწარ კანდიდატებს, რომელთა შორისაც მეც შევდივარ, საბოლოო გადაწყვეტილება მიგვეღო – ვრჩებოდით დრაფტზე თუ ვბრუნდებოდით უნივერსიტეტში. ამ თარიღმაც გაურკვეველი ვადით გადაიწია, რაც იმის წინაპირობაა, რომ 25 ივნისს დაგეგმილი დრაფტიც გადაიდება.

შენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რომელ კლუბში ითამაშებდი?

სან ანტონიოში, რადგან ამ გუნდში ყველაზე კარგად იციან ევროპელი ახალგაზრდებისგან წარმატებული კალათბურთელების ჩამოყალიბება. იქ განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი ორგანიზაცია, პატივს სცემენ კლუბს და უვლიან.

მოქმედი კალათბურთელებიდან შენი ფავორიტი რომელია?

მოქმედთა შორის ფავორიტი არ მყავს, ისე კი, ტონი კუკოჩი და კევინ გარნეტი არიან ჩემი საყვარელი, მისაბაძი მოთამაშეები. მომწონს იანისიც, თუმცა, ის ჩემგან განსხვავებული სტილის ფორვარდია.

სტუდენტურ ლიგაში დარჩენის შემთხვევაში, მომავალ სეზონში თამაში რატი ანდრონიკაშვილთან მოგიწევს, რომელიც კრეიტონში გადავიდა. რას იტყვი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მის პერსპექტივაზე?

ვამაყობ, რომ რატიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს კონფერენციასა და გუნდში გააგრძელებს. მოგეხსენებათ, აქ თამაში ძალიან ძნელია, რადგან თითქმის ერთი ასაკის კალათბურთელები ვართ და ყველას NBA-ში მოხვედრა სურს. რატი საკმაოდ მონდომებული და ჟინიანი მოთამაშეა, კონკურენციის არ ეშინია და ვფიქრობ, რომ წარმატებული კარიერა ექნება. სტუდენტურ ლიგაში დარჩენა თუ მომიწია, მასთან თამაშს ყველაზე მეტად დაველოდები.

საქართველოს ეროვნულ გუნდში 2 ოფიციალური და 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარე. ნაკრების წევრი ხარ, თუმცა სეზონის დროს სანაკრებო მატჩებისთვის აშშ-დან ვერ ჩამოდიხარ. NBA-ში გადასვლის შემდეგ, ამის გაკეთება, ალბათ, უფრო რთული იქნება.

საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან საამაყოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც. რა თქმა უნდა, თუ მცირედი შანსი მექნება, ყველაფერს გავაკეთებ და ნაკრებს აუცილებად დავეხმარები. ევრობასკეტზე თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა. იმედი მაქვს, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემექმნება და ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში ვიქნები.

კომენტარები

ბოლო ამბები