Thumbnail

რაგბის კავშირის ახალი გეგმა - როდის განახლდება სეზონი დიდ 10-ში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს სარაგბო პირველობის გაგრძელება აგვისტოს დასაწყისში იგეგმება
  • სეზონი შეწყდა დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატებში

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, მატჩები აგვისტოში გაგრძელდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების გათვალისწინებით.

საქართველოს რაგბის კავშირმა გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომელიც გაწერილია სახელმწიფოში COVID 19-ის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესაბამისად და სავსებით შესაძლებელია მოხდეს მისი გადახედვა ვითარების ცვლილების მიხედვით.

გეგმის თანახმად, შეწყდა დუბლიორთა, ჭაბუკთა "ა", "ბ" და საფესტივალო ლიგების 2019-2020 წლის სეზონი, დიდი 10-ის, პირველი და მეორე (რეგიონალური) კაცთა ლიგებისთვის კი, ეტაპობრივი განახლების სავარაუდო გეგმა შედგა.

გუნდებს მიეცათ რეკომენდაცია 22 მაისიდან მოთამაშეთა ინდივიდუალური ვარჯიშების გააქტიურების შესახებ (ღია სივრცეში, მათ შორის მოედანზე, თუმცა, გასახდელების გამოყენების გარეშე).

ჩემპიონატების გაგრძელება 24-26 ივლისს ან 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში იგეგმება

1 ივნისიდან გუნდებს მიეცათ 10-10 კაციან ჯგუფებად მოედანზე (ღია სივრცეში) 3 და მეტ მეტრიანი დისტანციის დაცვით ვარჯიშების განახლების უფლება, COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

სავარაუდოდ, 20 ივნისიდან, გუნდები შეძლებენ მოთამაშეთა ჯგუფების გაფართოებას (10-ზე მეტი). კლუბებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ გასახდელები. ამ შემთხვევაში სავალდებულოა: გასახდელების ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დეზინფიცირება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მოთამაშეთა და პერსონალის ვარჯიშამდე სკრინინგი.

სავარაუდოდ, 1 ივლისიდან გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ გადავიდნენ სრულფასოვან (კონტაქტურ) ვარჯიშებზე, კვლავ COVID 19-ის მენეჯერის მეთვალყურეობის თანხლებით.

ჩემპიონატების გაგრძელება 24-26 ივლისს ან 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში იგეგმება, თუმცა, სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარეშე.

სეზონის განახლების სავარაუდო სქემა

დიდი 10 – ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 4 ტური, რომელსაც მიყვება პლეი-ოფები არსებული დებულების შესაბამისად – სულ გაიმართება 8 ტური (დიდი ფინალის ჩათვლით). მატჩები ჩატარდება 4 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-5 დღეს.

პირველი ლიგა – ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 3 ტური, რომელსაც მიყვება საპლეიოფო, გადასასვლელი 2 ტური – სულ გაიმართება 5 ტური. მატჩები ჩატარდება 5 დღიანი ინტერვალით ანუ ყოველ მე-6 დღეს.

რეგიონალური (მეორე) ლიგა – ჩატარდება 2 საპლეიოფო და 2 გადასასვლელი ტური – სულ 4 ტური; მატჩები გაიმართება 7 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-8 დღეს.

ვთქვათ ისიც, რომ კაცთა ლიგების ახალი სეზონის სტარტის სავარაუდო თარიღებია: 2020 წლის 25-27 სექტემბერი ან 2-4 ოქტომბერი.

კომენტარები

ბოლო ამბები