Thumbnail

ბასილაშვილი ტიტულს ვერ დაიცავს - ATP-მ და WTA-მ ივლისიც გააუქმეს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-ის ტურზე ივლისში ყველა ტურნირი გაუქმდა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულს ამ ზაფხულს ვერ დაიცავს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ATP-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეზონი არც ივლისში განაახლოს - 31 ივლისის ჩათვლით სეზონი გაუქმებულია. ასევე ივლისის ბოლო კვირამდე გაუქმებულია WTA-ს ტურნირებიც.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰამბურგის, ბასტადის, ნიუპორტის, ლოს გაბოსის, გშტაადის, უმაგის, ატლანტასა და კიტცბიუელის ტურნირები აღარ გაიმართება.

პანდემიის შემდეგ ATP-ის ტური ჰამბურგის ტურნირით უნდა განალხებულიყო. ჰამბურგის ევროპის ღია პირველობა ის ტურნირია, რომლის ბოლო ორი გათამაშებაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. 2018 წელს მან ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა - 6:4, 0:6, 7:5, ხოლო 2019-ში ანდრეი რუბლიოვი - 7:5, 4:6, 6:3. 

ჰამბურგის ევროპის ღია პირველობის ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ შეჯიბრების გამართვას სხვა ვადებში შეძლებენ, თუმცა ATP-ის გადატვირთული კალენდრის პირობებში ეს არარეალურად გვესახება:

"ჩვენ იმედს არ ვკარგავთ და ვეძებთ ვარიანტებს, რომ ტურნირი სხვა პერიოდში გაიმართოს", - წერს ოფიციალური საიტი. 

ვაჟთა ჩოგბურთში სეზონი 1-ელი აგვისტოდან განახლდება და ის ტურნირები გაიმართება, რომლებიც ATP-ის ტურის კალენდარშია მითითებული. ორგანიზაცია მორიგ სიახლეს კალენდართან დაკავშირებით ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო მარტიდან ATP-ის ტური შეწყვეტილია. ოფიციალურად მხოლოდ უიმბლდონის ტურნირი ითვლება გაუქმებულად, თუმცა დანარჩენი ტურნირების გამართვა წლის მეორე ნახევარში ფიზიკურად შეუძლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები