Thumbnail

საჭმელი გემრიელი აქვთ, ფეხბურთი კი არ ვითარდება - ექს-ტორპედოელი საქართველოზე

  • 'საბურთალო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არადა, ხან სად ვარჯიშობდა და ხან – სად'
  • ევგენი ბოხაშვილს ეროვნულ ლიგასთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ევგენი ბოხაშვილმა, რომელსაც თავის დროზე ქუთაისის ტორპედოშიც უთამაშია, Football.ua-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზეც ისაუბრა და აქ გატარებული დრო არცთუ კარგად გაიხსენა.

“საქართველოში წარმატებული პერიოდი ნამდვილად არ მქონია. ამას, არა მხოლოდ საფეხბურთო მიმართულებით ვამბობ, ცხოვრებაც რაღაცნაირი იყო. საერთო ჯამში, ქუთაისში ფეხბურთელისთვის კარგი პირობები ნამდვილად არაა. მაგალითად, ბელარუსში ფეხბურთი ვითარდება და წინ მიდის. არცთუ ძლიერ გუნდებსაც კი კარგი სავარჯიშო პირობები აქვთ. შესაძლოა, დიდი ხელფასები არაა, მაგრამ სხვა ყველაფერი წესრიგშია. საქართველომ კი გამაწბილა, არადა, თავად ხომ ქართველი ვარ, ჩემი სამშობლოა, მაგრამ ფეხბურთის თამაშისთვის კარგი ადგილი ნამდვილად არ გახლავთ. სტუმართმოყვარე და ლამაზი ქვეყანაა, საჭმელიც ძალიან გემრიელია, იქ ყველა მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ ფეხბურთი არ ვითარდება. თუკი იქაურ ჩემპიონატში წახვალ, ეს, მხოლოდ დინამო თბილისი უნდა იყოს. მათ კარგი ბაზა აქვთ. აი, სხვებზე კი რა უნდა ვთქვა? საბურთალო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არადა, ხან სად ვარჯიშობდა და ხან – სად”.

ცნობისთვის, 27 წლის ბოხაშვილი, რომელიც დნეპროპეტროვსკშია დაბადებული, ქუთაისის ტორპედოში 2018 წელს თამაშობდა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. უკრაინული გუნდების გარდა, მას ბელარუსულ მინსკშიც უთამაშია, ამჟამად კი, ინდონეზიური სლემანის წევრია.

კომენტარები

ბოლო ამბები