Thumbnail
  • 📅 16 მაისი | ⌚ 17:30 | ⚽ დორტმუნდი V შალკე
  • რესტარტიდან პირველივე უიქენდზე რურის დიდი დერბია
  • დორტმუნდის ბორუსიას ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემები აქვს
  • დერბიში ფავორიტი არ არსებობს - ყველაფერი შეიძლება მოხდეს
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

გერმანიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ზუსტად 65 დღის წინ გაჩერდა. ამ ხნის განმავლობაში ვირუსის გავრცელებისა და შედეგების სტატისტიკას საფეხბურთო თვალსაზრისითაც აკვირდებოდა, მალევე მიხვდებოდა, რომ სწორედ გერმანია იქნებოდა პირველი დიდი საფეხბურთო ქვეყანა, სადაც დიდი ფეხბურთი დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. 65 დღის შემდეგ ბუნდესლიგა ბრუნდება! მართალია, ცარიელტრიბუნებიანი მატჩებით, მაგრამ მაინც ნამდვილი ფეხბურთით. ისეთით, როგორიც ყველას ძალიან მოგვენატრა.

ყველაზე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ბუნდესლიგა პირდაპირ ისეთი ტურით გვიბრუნდება, რომლის ცენტრალური მატჩი საერთოდ გერმანული საკლუბო ფეხბურთის მშვენებაა - ისეთი, როგორსაც ფეხბურთის მოყვარულები თვეობით ელოდებიან ხოლმე. რურის დიდი დერბი ის თამაშია, რომელზე უკეთესის შემოთავაზება ბუნდესლიგას იშვიათად შეუძლია. ეს არის უმძაფრესი დერბი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში - თამაში, რომელიც იმედებს იშვიათად გვიცრუებს ისე, როგორც პირველ წრეში გაგვიცრუა (0:0).

რურის დერბი ცარიელი ტრიბუნების ფონზე საშინელებაა, დანაშაულიც კი - მაგრამ არა ახლა! 65 დღეა, ნამდვილი ფეხბურთი არ გვინახავს და უმაყურებლო რურის დერბი კი არა, ბევრი ბელარუსის ჩემპიონატსაც კი უყურებდა. იმის გამო, რომ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიაში განახლდება, ბუნდესლიგა მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურის ყველა მატჩს - დიუსელდორფის ფორტუნასა და პადერბორნის დუელით დაწყებული, ვიდრე ბერლინის უნიონისასა მიუნხენის ბაიერნის მატჩამდე.

25 ტურის შემდეგ ლიდერი სწორედ ბაიერნია. დორტმუნდის ბორუსია რეკორდმაისტერს 4 ქულით ჩამორჩება. შალკესთან ურთულეს მატჩში BVB-ს მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ტრავმების გამო 4 ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვერ გამოიყენებს - კაპიტან მარკო როისს, აქსელ ვიტსელს, ემრე ჯანს და დან-აქსელ ზაგადუს. ეს იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტმა ნახევარდაცვა ფაქტობრივად თავიდან უნდა შექმნას. ‘კიკერი’ ვარაუდობს, რომ 3-4-3 ტაქტიკურ სქემაში ბორუსიას შუა ხაზში ფლანგებზე ჰაკიმი და გერეირო, შუაში კი ბრანდტი და დილეინი ითამაშებენ.

ფავორიტი ყველა ლოგიკით დორტმუნდია, მაგრამ რურის დიდ დერბიში ფავორიტი არ არსებობს!

რაც შეეხება შალკეს: მოსისხლე მტრისგან განსხვავებით, გელზენკირხენელები ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვიან. S04-ის პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც ამ სეზონში ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა. შალკე მეექვსე ადგილზეა და ბუნდესლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. დორტმუნდს კი გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი აქვს მოგებული, პარი სენ-ჟერმენთან მარცხი და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა კი დიდი ხანია, დაივიწყა.

ერთი სიტყვით, ფავორიტი ყველა ლოგიკით დორტმუნდია, მაგრამ რურის დიდ დერბიში ფავორიტი არ არსებობს. ამ თამაშში ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა არის რაღაცები, რაც უფრო მეტადაა მოსალოდნელი და ამ ყველაფერს საინტერესო ფაქტები მიგახვედრებთ. 

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდის ბორუსიას ბუნდესლიგაში ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს. აქედან 3-ში პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

⚽ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ სხვა გუნდს არ აქვს პირველი ტაიმი იმდენჯერ მოგებული, რამდენჯერაც დორტმუნდს - ბორუსიამ 25-დან 15 მატჩი მოიგო და აქედან 13-ში პირველი ტაიმიც.

⚽ ბორუსია ბუნდესლიგის საუკეთესო საშინაო გუნდია (9 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი). დორტმუნდს საშინაო მატჩებში საშუალოდ ყველაზე მეტი (3,42) გოლი გააქვს და ყველაზე ნაკლებს (0,83) უშვებს.

⚽ დორტმუნდმა 12-დან 7 საშინაო მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო და ბოლო 3 საშინაო მატჩში გოლი არ მიუღია.

⚽ შალკე იძულებით პაუზამდე ცუდ ფორმაში იყო - გელზენკირხენულ კლუბს ბუნდესლიგაში ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (6 ფრე, 3 მარცხი). 

⚽ აღსანიშნავია, რომ შალკეს ამ სეზონში არ წაუგია არცერთი ისეთი მატჩი ბუნდესლიგაში, რომელშიც ანგარიში გახსნა (7 მოგება, 6 ფრე). 

⚽ შალკეს 2020 წელს სტუმრად ჩატარებულ 4 მატჩში გოლი არ გაუტანია (2 ფრე, 2 მარცხი). S04-მა ბოლოს ზედიზედ 5 გასვლით მატჩში გოლი 1998 წელს ვერ გაიტანა.

⚽ რურის ბოლო 8 დერბიდან შალკემ მხოლოდ 1 წააგო (2 მოგება, 5 ფრე). 

⚽ ერლინგ ჰაალანდს დორტმუნდის მაისურით 11 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. აქედან 11 გოლუი მან მეორე ტაიმში გაიტანა.

⚽ შალკეს ამ სეზონში სულ 7 ოფიციალური თამაში აქვს წაგებული. აქედან 6 მშრალი ანგარიშით.

სავარაუდო შემადგენლობები

📋 დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, ბრანდტი, დილეინი გერეირო - სანჩო, ჰაალანდი, თ. აზარი.
ტრავმირებულები: ჯანი, როისი, ნ. შულცი, ვიტსელი, ზაგადუ.

📋 შალკე (4-2-2-2): შუბერტი - კენი, ტოდიბო, ნასტასიჩი, ოჩიპკა - მაკენიე, სერდარი - კალიჯური, ჰარიტი - ბურგშტალერი, რამანი.
ტრავმირებულები: კაბაკი, მასკარელი, სტამბული

კომენტარები

ბოლო ამბები