Thumbnail
  • 28 წლის ბრაზილიელს ახალი მსურველი გამოუჩნდა
  • ტურინში რონალდოსა და ნეიმარის დუეტის შექმნა სურთ 

ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე საკმაოდ ხშირად იწერება. თავად ბრაზილიელმაც განაცხადა, რომ სურს ლუის სუარესთან და ლიონელ მესისთან ერთად კიდევ ერთხელ ითამაშოს, თუმცა თავად პარი სენ-ჟერმენი ცდილობს, მოთამაშე შეინარჩუნოს.

28 წლის ფეხბურთელს ახალი მსურველი გამოუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელის დამატებას ტურინის იუვენტუსს სურს. იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვთ მიზნად დასახული და მიიჩნევენ, რომ ნეიმარის დამატებით მათი ოცნება რეალური გახდება.

ტურინში კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმარის დუეტის იმედი აქვთ. იტალიური პრესის თანახმად,  "ბებერი ქალბატონი" მზად არის, ტრანსფერში პაულო დიბალა ჩართოს. არგენტინელის გამოყენებით იუვენტუსი შეეცდება ნეიმარის სატრანსფერო ფასი დაწიოს.

ტურინული გუნდის ხელმძღვანელობაში იციან, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, თუმცა ფიქრობენ, რომ დიბალასა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნეიმარის ტურინში გადასვლა შესაძლებელი გახდება.

ნეიმარმა ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთის პირველობა გაუქმდა და ჩემპიონად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა.   

კომენტარები

ბოლო ამბები