Thumbnail
  • 'წვრთნას დილის 9 საათზე ფეხბურთის ღია მოედანზე ვიწყებთ'
  • ქართველი გრან კანარია სეზონის გაგრძელებისთვის ემზადება

ესპანური გრან კანარიას ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემა და მისმა თანაგუნდელებმა ვარჯიში განაახლეს. კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, სპორტსმენები ეცდებიან, მალე დაიბრუნონ სასურველი ფორმა, რათა ლიგა ენდესას შესაძლო განახლებას მზადყოფნაში შეხვდნენ. როგორ მიმდინარეობს წვრთნა და რა ისმის სეზონის გაგრძელების თაობაზე? ამის შესახებ ბურჯანაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდთან ისაუბრა.

“ვარჯიშები დავიწყეთ, მაგრამ ცხადია, მკაცრი რეგულაციების დაცვით. ჯგუფ-ჯგუფად ვართ დაყოფილები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. არის რამდენიმე ლოკაცია, სადაც პერიოდულად თითოეულ ჯგუფს უწევს ვარჯიში. მაგალითად, მე და ჩემი 2 თანაგუნდელი ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად დილის 9 საათზე ფეხბურთის მოედანზე ვიწყებთ ვარჯიშს. ჩვენი დარბაზის გვერდით არის ლას პალმასის საფეხბურთო კლუბის ბაზა და გარეთ სავარჯიშოდ მის მოედანს ვიყენებთ. თავდაპირველად, აერობიკითა და კარდიო-ვარჯიშებითა ვართ დაკავებულნი, რაც შეიცავს სირბილს, კუნთების გახურებასა და დაცვითი სლაიდების გაკეთებას. შემდეგ ვინაცვლებთ ტრენაჟორებზე და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვვარჯიშობთ. უკვე ბოლოს გადავდივართ 15-წუთიან ფრისტაილზე დარბაზში და ძირითადად, ბურთს კალათში ვესვრით. თითოეულს გვყავს ინდივიდუალური მწვრთნელი, რომლებიც ბურთს ხსნიან და გვაწვდიან.

ვარჯიში კი განვაახლეთ, მაგრამ ჯერაც უცნობია, გაგრძელდება თუ არა სეზონი. საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არაა. როგორც ცნობილია, 30 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს ლიგის ხელმძღვანელობამ, განახლდება თუ არა მარტის თვეში შეწყვეტილი ჩემპიონატი. გაგრძელების შემთხვევაში, ფორმატი უკვე შემუშავებულია. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ცხრილით 12 საუკეთესო გუნდი (ბარსელონა, რეალი, სარაგოსა, ტენერიფე, ბილბაო, ანდორა, ვალენსია, ბასკონია, უნიკახა, ბურგოსი, გრან კანარია და ხუვენტუტი) კანარის რომელიმე კუნძულზე – ან ჩვენთან, ან ტენერიფეზე შეიკრიბება და შემდეგი სისტემით ითამაშებს: მონაწილეები ორ ჯგუფში განაწილდებიან 6-6 გუნდად, ჯგუფში ყველა ყველას ერთ წრედ შეხვდება და თითოდან საუკეთესო 2 გუნდი ნახევარფინალში გავა. ნახევარფინალები ერთმატჩიანი იქნება, ხოლო ფინალური სერია 2 ან 3 მოგებამდე გაგრძელდება”.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბურჯანაძე გრან კანარიაში 2019 წელს გადაბარგდა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში კი, მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 20:38 წუთი, 7.7 ქულა, 3.3 მოხსნა, 0.6 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები