Thumbnail

ჯანო ანანიძე დინამო ბათუმში - მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, შესაძლოა, მალე ჯანო ანანიძე შეუერთდეს
  • პოპსპორტი ესაუბრა როგორც კლუბის პრეზიდენტს, ისე ფეხბურთელს

პოპსპორტმა დინამო ბათუმის გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, შესაძლოა, მალე ჯანო ანანიძე შეუერთდეს. ბათუმური კლუბის ხელმძღვანელები საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში არიან და არის შანსი, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს. ამ თემაზე კომენტარი დინამო ბათუმის პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს ვთხოვეთ…

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი): მიმდინარეობს მოლაპარაკება. ხვალ შეხვედრებია დანიშნული როგორც ჩვენ ბიზნეს-პარტნიორებთან, ისე ჯანო ანანიძესთან. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, დინამოში საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი გვეყოლება: ნავალოვსკი, ჯიღაური და ანანიძე. ჯანო ქობულეთელია, აჭარელია და გულშემატკივრებისთვის დიდი სიხარული იქნება მისი ბათუმში ხილვა. ანანიძე თავისუფალი აგენტია და მასთან ამ სტატუსით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. უმაღლესი კლასის ფეხბურთელი რომ არის და გუნდს რომ გააძლიერებს, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება.

დინამო ბათუმის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე

popsport: რა იქნება ჯანო ანანიძის მთავარი მოტივაცია, თუ ეს ტრანსფერი დადებითად გადაწყდა?

ბერიძე: როგორც ვთქვი, ჯანო აჭარელია და მშობლიურ კუთხეში თამაში მისთვის ალბათ დიდი მოტივაციაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გია გეგუჩაძის ფაქტორი. წინ არის საქართველო-ბელარუსის ისტორიული მატჩი და ვფიქრობ, ანანიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს. დინამო ბათუმი ევროთასებზე ითამაშებს და ესეც დამატებითი მოტივაციაა. ჩვენ ვლაპარაკობთ ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებაზე და არა 6-თვიან კონტრაქტზე.

პოპსპორტი ჯანო ანანიძის პოზიციითაც დაინტერესდა, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა... “მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა დღეს ამაზე უფრო მეტს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. წინ არის შეხვედრები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ამ ეტაპზე, ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ,” - განაცხადა ჯანო ანანიძემ.  

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009-ში მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. მოსკოვურ გუნდში იგი წელს იანვრამდე ირიცხებოდა, სანამ კვიპროსულ ანორთოსისს მიაშურებდა. შუალედებში ჯანომ განათხოვრების წესით როსტოვსა და კრილიას სოვეტოვშიც ითამაშა. ჯანოს სპარტაკთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს მოგებული, როსტოვის მაისურით კი რუსეთის თასზე მიაღწია წარმატებას. ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გატანილი გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები