Thumbnail

'აქ მხოლოდ რაგბიში ცვლილებებისთვის ვმუშაობდი' - პიშომ ყველა თანამდებობა დატოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

12 მაისს აგუსტინ პიშომ მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტი გაათავისუფლა, მას მერე, რაც ის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში ბილ ბომონტთან დამარცხდა. გარდა ამისა, არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ დროა, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციიდან სულ წავიდეს...

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა, მან სპორტის ამ სახეობაში დამკვიდრებული სტატუს ქვოს დარღვევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ კი თავისი კანდიდატურა ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე წამოაყენა. მან 23 ხმა მიიღო, მათ შორის ქართულიც, მაგრამ ინგლისელ ბომონტთან 23:28 დამარცხდა.

მეტი ამ თემაზე:

ვიცე-პრეზიდენტობის გარდა პიშო, რაგბი ამერიკის პრეზიდენტიც იყო, ასევე მსოფლიო რაგბის ბორდის წევრი და არგენტინის რაგბის კავშირის წარმომადგენელი ორგანიზაციაში:

აგუსტინ პიშო: "დღეს გადავწყვიტე, რომ აღარ წარვადგენ UAR-ს მსოფლიო რაგბიში, აღარ ვიქნები ბორდის წვერი და არც რაგბი ამერიკას პრეზიდენტი. არც კი ღირს იმის აღნიშნა, რაოდენ მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ამ წლებში ჩემს გვერდით მოღვაწეობდა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო რაგბიში ვმუშაობდი იყო იმის შეგრძნება, რომ სპორტის ამ სახეობას ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამის გამო დავაყენე ჩემი კანდიდატურაც. 

მაგრამ ჩემი ინიციატივა, რომლის სიმართლისაც გულით მჯერა, არ გაიზიარეს. ამიტომაც გადავწყვიტე წავიდე. არ მინდა დავიკავო თანამდებობა მხოლოდ თანამდებობისთვის. ახლა მთლიანად ჩემს ოჯახს დავუთმობ დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაგბიდან მივდივარ".

45 წლის აგუსტინ პიშომ არგენტინის ნაკრებში 71 კეპი მოიპოვა. 2009 წლიდან არგენტინის რაგბის კავშირში მუშაობდა. 2016 წელს მსოფლიო რაგბის ვიცე-თავმჯდომარედ (ვიცე-პრეზიდენტი) აირჩიეს. ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდა. 

პიშო ქართული რაგბის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. მისმა განაცხადმა, ექვს ერში აღზევება/დაქვეითების სისტემის შემოღებაზე ექვსი ერის ქვეყნებიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. პიშო ასევე ერთ-ერთი ინიციატორი იყო მსოფლიო ერთა ლიგის ტურნირის, ეს იდეაც ძირითადად ევროპული ქვეყნების წყალობით ჩავარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები