Thumbnail

რატომ ვერ იგებს აია ჩემპიონატს? - გიორგი ბაბუნაშვილი მიზეზებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ბაბუნაშვილი ფიქრობს, რომ აიას წელს ჩემპიონატის მოგება შეეძლო
  • ქუთაისის აიას კაპიტანი საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს ესაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი რუბრიკა გრძელდება. ქომაგი დიდი 10-ის კლუბების კაპიტნებს ეცნობა. გიორგი ჭყოიძისა და ბექა ურჯუკაშვილის შემდეგ, რუბრიკის მომდევნო სტუმარი ქუთაისის აიას კაპიტანი, გიორგი ბაბუნაშვილია.

7-კაცა ნაკრების წევრი გიორგი ბაბუნაშვილი 25 წლისაა და უკვე აიას კაპიტნობა ჩააბარეს. მან რაგბის თამაში 8 წლის ასაკში დიმიტრი ფულარიასთან დაიწყო.

კარიერის დასაწყისი

''ბატონი დიმა ფულარია მამას მეგობარი იყო და სთხოვა, რომ მე და ჩემი ძმა რაგბიზე მივეყვანეთ. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი რასთან მქონდა საქმე, თუმცა წლებთან ერთად რაგბისადმი სიყვარული გაღვივდა და ის ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. აიას პირველ გუნდში 17 წლის მოვხვდი და ჩემი გაბარიტების გათვალისწინებით, თავიდან ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ამ პერიოდში რაგბი ჩემთვის უკვე ყველაფერი იყო, მაქსიმალურად მოვინდომე, ბევრს ვვარჯიშობდი, გუნდში ადგილის დამკვიდრება მოვახერხე და დღეს უკვე მისი კაპიტანი ვარ''.

განსაკუთრებული თაობა

გიორგი ბაბუნაშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 20-წლამდელთა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო რაგბის „ალაფა“ მოიგო და 12-გუნდა ელიტაში აღზევდა, სადაც უკვე 5 წელიწადია ადგილს ინარჩუნებს. მორაგბეები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან მსოფლიოს წამყვან გუნდებთან თამაშს, რითმს და ეროვნულ ნაკრებთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას ქართულ კლუბებს ახმარენ.

აიას კაცთა გუნდში ნაადრევად მოხვედრა, ბაბუნაშვილს 20-წლამდელთა ნაკრებში დამკვიდრებაშიც დაეხმარა და ის ლისაბონში (პორტუგალია) გამართული ტურნირის გამარჯვებულია.

''ძალიან ძლიერი თაობა გვყავდა და ეს წარმატება ამან განაპირობა. მანამდე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ და ალაფაზე გავედით, სადაც ჯგუფში მთავარ კონკურენტ, ფიჯისთან მოვხვდით. ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ლისაბონში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და გაცილებისას რაგბის კავშირის მაშინდელმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ გვითხრა – თქვენ წაგების უფლება აღარ გაქვთ და ლისაბონიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დაბრუნდეთ, რათა ეს გულისტკივილი გაგვინელოთო.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაისა (46:12) და ფიჯის (30:13) დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, მასპინძელ პორტუგალიას 19:11 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც კანადა 49:24 დაამარცხეს და ელიტის საგზური მოიპოვეს:

''ერთობით, ქართული რაგბისთვის ისტორიულ და უმნიშვნელოვანეს შედეგს მივაღწიეთ. გავხდით ის თაობა, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრები ელიტაში აიყვანა და აქედან დაიწყო 20-წლამდელების წარმატება, რაც ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. 2015 წლის ფორმაციის ნაკრებიდან არაერთი მორაგბე თამაშობს წამყვან ფრანგულ კლუბში და ეროვნულ ნაკრებში''.

7-კაცა – განვითარებისთვის აუცილებელი

ახალგაზრდული ნაკრებების პარალელურად, გიორგი ბაბუნაშვილი 2014 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრებში მიიწვიეს, 2017 წლიდან კი, როცა ტრავმა არ აწუხებდა, გუნდის მუდმივი წევრი იყო. მას რაგბის ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით მოსწონს და ხაზის მოთამაშეების განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

''7-კაცა რაგბი ძალიან მომწონს და ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მას უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობდი. ლაღი, ტექნიკა, ბურთის გაშლა და პასი – ეს ისაა, რასაც 7-კაცა რაგბი გვასწავლის და რაც ქართველ მორაგბეებს გასავითარებელი გვაქვს. 7-კაცა ინდივიდუალურად მორაგბის უნარებს ავითარებს და ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ეროვნული ნაკრების მორაგბეებს წელიწადში რამდენიმე ტურნირი ეთამაშათ. სამწუხაროდ, დღესდღეისობით ჩვენი 7-კაცა ნაკრები რამდენიმე ისეთ ქვეყანას ჩამორჩება, რომელთაც 15-კაცა რაგბში ულაპარაკოდ ვჯაბნით. სხვა ქვეყნები 7-კაცას ტურნირებში წლების განმავლობაში უცვლელი გუნდით გამოდიან, ჩვენთან კი, თუ ვინმე თავს გამოიჩენს ეროვნულ ნაკრებში მიდის და მუდამ თაობათა ცვლის პროცესია. დარწმუნებული ვარ, 7-კაცაში ერთიდაიმავე მოთამაშეებით ბირთვი თუ შეიკრიბა, მას დიდი წარმატებები ექნება''.

ხაგუარესთან თამაშმა ჩემი დამოკიდებულება შეცვალა

გარდა 7-კაცა ნაკრებისა, ბაბუნაშვილმა იანვარში საქართველო XV-ის შემადგენლობაში არგენტინაში, სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესის’ წინააღმდეგ ითამაშა და როგორც თავად ამბობს, უდიდესი გამოცდილება შეიძინა:

''საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში, ყველა სპორტსმენის ოცნებაა და მე ამის საშუალება საქართველო XV-ში მომეცა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც არგენტინაში ფაქტობრივად მსოფლიოს მეორე გუნდის, ‘ხაგუარესის’ წინააღმდეგ ვითამაშე. მათთან შედარებით სუსტად გამოვიყურებოდით, თუმცა პირადად მე და გუნდის ყველა წევრმა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე და დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი. მას შემდეგ დიდ 10-ში თამაში იოლადაც კი მომეჩვენა. განსხვავება ცა და დედამიწასავით იყო და ეს თამაში ყველას გამოგვადგება''.

წელს ჩემპიონობისთვის უნდა გვებრძოლა

ბაბუნაშვილი ქუთაისის რაგბის სკოლას აქებს და ფიქრობს, რომ ნაკრებებში ბევრი ქუთაისელი მორაგბის მოხვედრა ბავშვებთან სწორი მუშაობის შედეგია.

''ქუთაისის გუნდი ლამაზი, ლაღი და გაშლილი თამაშით მუდამ გამოირჩეოდა, რაც ხელმძღვანელობის და მწვრთნელების დამსახურებაა. ბავშვებს პატარა ასაკიდან ასწავლიან ასე თამაშს და ვფიქრობ, ‘ლელოსთან’ ერთად, ‘აია’ დიდ 10-ში ყველაზე ლამაზ რაგბის თამაშობს''.

საბჭოთა კავშირის და საქართველოს 3-3 გზის ჩემპიონ გუნდს, ოქროს მედლები აგერ უკვე 25 წელია არ მოუპოვებია, რასაც ბაბუნაშვილი შემდეგი მიზეზით ხსნის.

''გუნდი ყოველ წელს ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და იმდენად კარგი თაობა გვყავს, რომ 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში ‘აიას’ ბევრი მოთამაშე ხვდება. ისინი ძირითადად დასკვნით ფაზაში, ფლეი ოფებში გვაკლდებიან და არასტაბილური შედეგი ამის ბრალი მგონია''.

ჩვენი კლუბის კაპიტანი გიორგი ბაბუნაშვილი დიდი 10-ის რეკორდსმენია.

➡️ჩვენი კლუბი 5 ოქტომბერს დიდი 10-ის მე-4 ტურში მარნეულის ,,არმაზს'' ესტუმრება,რომელსაც ჩვენი კლუბის კაპიტანი ისტორიული შედეგით ხვდება. განვლილ სამ ტურში გიორგი ბაბუნაშვილმა მეტოქეთა კარის მიმართულებით 5 ჯარიმა და 12 გარდასახვა შეასრულა. დიდი 10-ის ისტორიაში პირველად კარის მიმართულებით დარტყმული 17 მცდელობიდან 17-ვე ზუსტი გამოდგა.💪💪💪 #კაპიტანო100% #ჩემპიონობისდროა #აიავაშააიავაშააიავაშა

Posted by რაგბის კლუბი აია . Rugby club AIA on პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2019

აიამ წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო, ზედიზედ 4 თამაში მოიგო, მაგრამ მერე 6-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 4 მარცხი) სერია ჰქონდა და ბოლოს ისევ 4 მატჩი მოიგო.

''ამ სეზონის წინ გავძლიერდით და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ჩემპიონატიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე ჩავარდნა გვქონდა. ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული და ტრავმირებული მორაგბეები დაგვაკლდნენ, შევსების სახით კი, ჭაბუკთა ლიგებიდან გამოუცდელი ბიჭები მივიღეთ, რომლებიც მომავალში გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ, თუმცა ამ ეტაპზე გამოცდილება აკლდათ.

ჩავარდნის შემდეგ გვქონდა შეკრება, შევიკარით და ბოლოს ლიდერებში დავბრუნდით. ჩვენ მუდამ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ ჩემპიონატის შეწყვეტა მოგვიხდა და არ ვიცით როდის დავბრუნდებით''.

კომენტარები

ბოლო ამბები